სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) 27 მაისს სხდომას გამართავს, სადაც ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებითი დაშვების ფაქტზე გაიმართება მსჯელობა.

როგორც ICAO-ს Twitter-ის მიკრობლოგზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 27 მაისისთვის ICAO-ს დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა მოიწვია საგანგებო შეხვედრა 36 დიპლომატიური წარმომადგენლის მონაწილეობით, სადაც  ბელორუსის საჰაერო სივრცეში Ryanair-ის საჰაერო ხომალდის ინციდენტთან დაკავშირებით გაიმართება მსჯელობა.

აღნიშნულ შეხვედრაზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა მინსკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. აღნიშულ ბორტზე იმყოფებოდა რომან პროტასევიჩი. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს.