ავიაკომპანია Ryanair-ის რეისზე, რომელიც ლონდონიდან პოლონეთისკენ მიფრინავდა, მგზავრებს შორის მასშტაბური ჩხუბი მოხდა. ინციდენტი, სავარაუდოდ, ბავშვის ტირილს მოჰყვა, რამაც ერთ-ერთი მგზავრი გააღიზიანა.

ვიდეოკადრები, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ასახავს, როგორ ერთვება ჩხუბში რამდენიმე მამაკაცი და ქალი. კადრებში ჩანს, რომ ისინი ერთმანეთს მუშტებს ურტყამენ და ყვირიან, ხოლო ბორტგამცილებლები ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას, თუმცა ვითარების გაკონტროლება უჭირთ. თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა ახალგაზრდა მშობლებს ბავშვის დადუმება მოსთხოვა.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირები პოლონეთის პოლიციამ დააკავა. ავიაკომპანია Ryanair-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.