დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ბელგიის განყოფილების პილოტები გაფიცვას გეგმავენ. როგორც უცხოური მედია წერს, Ryanair-ის ბელგიელი და ფრანგი პილოტების გაფიცვას 23 და 24 ივლისს აანონსებენ.
ბელგიური ტელეარხის RTBF-ის ინფორმაციით, პილოტები აღშფოთებულნი არიან ავიაკომპანიის მენეჯმენტის უარით იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რაც მათ მიერ, წინა აქციაზე, ივნისის ბოლოს იყო წამოყენებული. მაშინ გაფიცვებს 127 ფრენის გაუქმება მოყვა, რაც 20 ათასზე მეტ მგზავრს შეეხო.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის მენეჯმენტმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული კრიზისის დროს პილოტებს ხელფასები 20%-ით შეუმცირა. მაგრამ საჰაერო მოგზაურობის სრული აღდგენის და მოგებაზე გასვლის შემდეგ, ავიაკომპანიამ მოუწოდა პილოტებს გააგრძელონ მუშაობა შემცირებული ხელფასებით, რამაც მათი აღშფოთება გამოიწვია.