ზაფხულის მოგზაურობის პიკში, კადრების კრიზისის გამო, Wizz Air Holdings ფრენებს 5%-ით ამცირებს.

“ბიზნესფორმულას” ინფორმაციით, სიახლე, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს გახდა, ევროპაში შეფერხებულ ფრენებს დაემატება. პანდემიის შემდგომ მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიებს კადრების დეფიციტი აქვთ. მსხვილმა ევროპულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის British Airways-მა, KLM-მა და Deutsche Lufthansa ფრენები გააუქმეს.

სიახლის გავრცელების შემდეგ, ლონდონის ადრეულ ვაჭრობაში კომპანიის აქციების ფასი 4,6%-ით, მიმდინარე წელს კი დაახლოებით 58%-ით შემცირდა.

“ეს უფრო მცირეა, ვიდრე განრიგის შემცირება, რასაც ბევრმა ავიაკომპანიამ ლოგიკურად მიმართა: Wizz Air-ს ნაკლები შეხება აქვს ყველაზე გადატვირთულ აეროპორტებთან, სადაც პრობლემები უფრო მასშტაბურია”, – აცხადებენ Bernstein-ის ანალიტიკოსები ალექს ირვინგი და კლემენტინ ფლინოისი.

Wizz Air-მა განაცხადა, რომ ივნისში დასრულებულ კვარტალში 285 მილიონი ევროს ($289 მილიონი) საოპერაციო ზარალს დააფიქსირებს, რაც არარეალიზებული სავალუტო ზარალით, შეფერხებებითა და ფრენის ნაკლები დროით არის გამოწვეული. კომპანიის მიერ დასახელებული თანხა აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომლებიც ელოდნენ, რომ საოპერაციო ზარალი 187 მილიონ ევროს შეადგენდა. Wizz Air-ი მოგების შესახებ 27 ივლისს გამოაქვეყნებს.

რამდენადაც Wizz Air ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპაზე, ის ასევე, დაზარალდა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად. რეგიონში ფრენებზე შემცირებული მოთხოვნის გამო, Wizz-მა რეისების ოდენობა ევროპის სხვა ქვეყნებში გაზარდა.