ახალი კვლევების თანახმად, ავიაკომპანია Ryanair-ი ბრიტანეთში ყველაზე ბინძურ ავიაკომპანიად დაასახელეს. გამოკითხვიდან, რომელიც Which-მა ჩაატარა ირკვევა, რომ მგზავრთა 42%-ი Ryanair-ის ბორტზე სისუფთავეს მაღალ შეფასებას აძლევს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე ექსპერტების აზრით კი ეს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია.
კვლევამ აჩვენა, რომ სხვა ავიაკომპანიებს უფრო მეტი კმაყოფილი კლიენტი ყავს, რომელთაც ავიაკომპანიის ბორტზე არსებული სისუფთავე აკმაყოფილებთ.
ევროპის უმსხვილესი “ლოუკოსტერის” Ryanair-ის მგზავრთა მეოთხედი, 24%-ი აცხადებს, რომ სასურველი იქნებოდა თუ კი თვითმფრინავის ბორტზე უფრო მეტი სისუფთავე იქნებოდა. გამოკითხვაში, რომელიც ინტერნეტის საშუალებით განხორციელდა, მონაწილეობა 8000 ადამიანმა მიიღო.
როგორც ირკვევა, გამოკითხული 10 მგზავრიდან 8 მგზავრი (81%) დადებითად აფასებს სისუფთავეს 42 ავიაკომპანიის ბორტზე, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს როგორც დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ასევე კლასიკურს.
10 მგზავრიდან 6 მგზავრი (62%) ავიაკომპანია Wizz Air-ის ბორტებზე არსებულ სისუფთავეს მაღალ შეფასებას აძლევს.
მგზავრთა 63%-ი, რომლებიც Vueling-ისა და Iberia-ს მოკლე დისტანციური რეისებით სარგებლობენ, საჰაერო ხომალდებზე არსებული სისუფთავე აკმაყოფილებთ. რაც შეეხება easyJet-სა და British Airways-ს, მათ ბორტზე ჰიგიენური ნორმები საკმაოდ მაღალი სტანდარტებით აქვთ დაცული. უფრო მაღალ საფეხურზეა ამ მხრივ ავიაკომპანია Air New Zealand-ი, რომლის მგზავრთა 97%-ი ბორტზე არსებული ჰიგიენური ნორმებით კმაყოფილია.
მგზავრთა გამოკითხვით, სისუფთავის კვლევის მიხედვით ავიაკომპანიების მაჩვენებლები ასეთია: Singapore Airlines-ი 96%-ი, Emirates-ი – 95%-ი, Qatar Airways-ი – 95%-ი, Cathay Pacific-ი – 94%-ი, Swiss-ი – 94%-ი.