რუსი დამპყრობლების მიერ განადგურებული ლეგენდარული Mriya-ს აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ ახლის შექმნის შანსი არსებობს, – ამის შესახებ  An-225 Mriya-ს სამი ეკიპაჟიდან, ერთ-ერთის მეთაურმა, დიმიტრი ანტონოვმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ანტონოვის თქმით, ახალი თვითმფრინავის დამზადება შესაძლებელია Mriya ” დის” დაუმთავრებელი ნაწილისგან, მაგრამ პროექტი მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს – თანხა 800 მილიონი დოლარიდან 3 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
რუსი დამპყრობლების მიერ მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის An-225 Mriya-ს  განადგურება დარტყმა იყო არა მხოლოდ Antonov- ის სახელმწიფო საწარმოსთვის, არამედ მთელი გლობალური საავიაციო ინდუსტრიისთვის.
როგორც Antonov- ში განმარტავენ, კომპანიას ჯერ კიდევ აქვს მარაგში თვითმფრინავის ზოგიერთი დეტალი. თუმცა, ახალი Mriya უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე და სამომავლო ფრენისუნარიანობის სტანდარტებს, ასევე აღჭურვილი უნდა იყოს იმ ამოცანების ჩამონათვალის შესაბამისად, რომელსაც ის შეასრულებს.
ამას კი დასჭირდება დიდი მოცულობის საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები, შესაბამისი კომპონენტების შერჩევა და შეძენა, სატესტო პროგრამა და ა.შ. – განმარტავენ სახელმწიფო საწარმოში.
Antonov-ი დასძენს, რომ An-225-ის აღდგენის პროექტი განხორციელდება ფართო საერთაშორისო თანამშრომლობით გლობალური საავიაციო ინდუსტრიის წამყვანი კომპანიებისა და საწარმოების მონაწილეობით.
დაფინანსების წყაროებს სახელმწიფო განსაზღვრავს.  “რაც შეეხება ვადებს, ახლა მათზე საუბარი ნაადრევია, რადგან პროგრამა საგულდაგულოდ უნდა იყოს შემუშავებული“, – აცხადებენ Antonov-ში.
როგორც ცნობილია რუსმა ოკუპანტებმა გოსტომელის აეროპორტში An-225 Mriya გაანადგურეს. ამის შემდეგ კი Mriya-ს კაპიტანმა დიმიტრი ანტონოვმა განაცხადა, რომ Antonov-ის ხელმძღვანელობა ირიბად არის პასუხისმგებელი უნიკალური თვითმფრინავის დაკარგვაზე, რადგან მან არ ისარგებლა ნატოს შეთავაზებით, დროულად გადაეყვანათ An-225 Mriya უსაფრთხო აეროპორტში. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ოკუპანტებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya ააფეთქეს. თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ. FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა. AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებლის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.