რუსეთსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული აეროპორტისა და საჰაერო ნავიგაციის ტარიფებისა და მოსაკრებლების ჰარმონიზაციის შესახებ.
როგორც “Armenpress”-ი იუწყება, ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეხვედრის შედეგები შეაჯამებისას.
„მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმება აეროპორტისა და საჰაერო ნავიგაციის ფასების ჰარმონიზაციის შესახებ. ეს კარგ პირობებს შეუქმნის სომხურ ავიახაზებს, ასევე კარგ საფუძველს შექმნის ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენი მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ტურისტული ვიზიტები აქტიურად მატულობს“, – განაცხადა ოვერჩუკმა.
მისი თქმით, რუსები დიდ ინტერესს იჩენენ სომხური კულტურისა და ისტორიის მიმართ.
„აქ ძალიან დიდი ტურისტული ნაკადი მიდის. მიმდინარე წლის განმავლობაში სომხეთს რუსეთიდან 850 ათასამდე ადამიანი ეწვია. სომხეთიდან რუსეთში 260 000-მდე ტურისტი ჩამოვიდა“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.