სტამბოლის ხელისუფლება საცობებთან და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში ისტორიულ ქალაქის ცენტრში კერძო მანქანების შესვლის საფასურის შემოღებას გეგმავს. ეს გამომდინარეობს სტამბოლის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმიდან (SKUP), რომელშიც ადმინისტრაციამ დეკარბონიზაციის 26 სამიზნე კრიტერიუკი შეიმუშავა. პრიორიტეტებს შორის არის სარკინიგზო და მეტროს ქსელების გაფართოება.

„მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ემისიის ზონების წვლილი ქალაქში CO2-ის საერთო დონეებში მცირეა, ადგილობრივი მოსახლეობა მათგან სარგებელს მიიღებს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ხელისუფლება აპირებს, რომ ისტორიული ცენტრი სულთანაჰმეტის მოედანზე პროექტის საპილოტე ზონად აქციოს. იქ შესასვლელად კერძო მანქანების მფლობელებს საფასურის გადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გადახდის ჯიხურები განთავსდება Eminönü ნავმისადგომის ტერიტორიაზე.

გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ სულთანაჰმეტის შემდეგ მსგავსი ზონა შესაძლოა გაჩნდეს სტამბოლის აზიურ ნაწილში მოდას რაიონში. თუმცა, ურბანული ეკოზონების შემოღების ზუსტი თარიღები ჯერ არ გამოცხადებულა. ცნობილია, რომ ინიციატივის განხორციელებას დასჭირდება 100 მილიონ თურქულ ლირაზე მეტი (3,4 მილიონ დოლარზე მეტი).

„ეს გეგმა მიზნად ისახავს სტამბოლის მაცხოვრებლების ცხოვრების გაუმჯობესებას, კერძო მანქანების გამოყენების შემცირებას და მოსახლეობის მოტივაციას, გამოიყენონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი“, – თქვა ქალაქის მერმა ეკრემ იმამოღლუმ.

განმარტავენ, რომ გეგმა სტამბოლის მერიის ტრანსპორტის დეპარტამენტმა, საინჟინრო-საპროექტო კომპანია Arup-მა, გაეროს სააგენტომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შეადგინა. აღნიშნული დოკუმენტი 31 მარტს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე წარმოადგინეს, რომელიც ასევე განსაზღვრავს, დარჩება თუ არა მერი იმამოღლუ თავის პოსტზე.