TBC Research რუსეთიდან საჰაერო ემბარგოს შემდგომ არსებულ მდგომარეობას აანალიზებს და აღნიშნავს, რომ დინამიკა ერთ კვირაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის ვარდნის მიუხედავად, ჯამური ვიზიტორების ზრდა მაინც პოზიციური რჩება 2.1%-ზე (YoY).
რუსეთიდან საჰაერო გზით შემოსვლები, ივლისის მესამე კვირაში წლიურად 75.9%-ით დაეცა და 3,292 შეადგინა (მეორე კვირას ვარდნა 78.6% იყო). ამავე პერიოდში, ჯამურად რუსი მოგზაურების რიცხვი 13.5%-ით შემცირდა და 51,024 შეადგინა (კლება წინა კვირას – 21.4%).
TBC Research-ის თქმით, ეს რუსეთის მოქალაქეების სომხეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გაზრდილი საზღვრის კვეთით აიხსნება. ზრდამ ივლისის წინა კვირასთან შედარებით მესამე კვირას 5.3% შეადგინა (47,526). ამავე დროს, სახმელეთო გზით შემოსვლები უშუალოდ რუსეთიდან 1.3%-ითაა შემცირებული (5.6% წინა კვირას).
TBC Research-ი მიიჩნევს, რომ მათი წინა პროგნოზი, მომდევნო 12 თვეში ტურიზმის 5%-იანი ზრდა გონივრულია, ისევე როგორც მშპ-ის 4%-იანი ზრდა 2019 და 2020 წლებისთვის.