ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ავიაკომპანია Wizz Air-ის ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე ოპერირებას აღარ განახორციელებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ქუთაისი-რიგა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფრენები არის სეზონური და ის ოქტომბრამდე ხორციელდება.

ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში კი Wizz Air-ის ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს  განაახლებს.

Wizz Air-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კი ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მიმართულებაზე, სეზონის ბოლო ფრენას “ლოუკოსტერი“ 23 ოქტომბერს განახორციელებს.

ცნობისათვის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდი მარტის ბოლო კვირა დღიდან ოქტომბრის ბოლო კვირა დღემდე გრძელდება.

Wizz Air-მა ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მიმართულებაზე ოპერირება 2018 წლის 25 მარტს დაიწყო და აღნიშნული პერიოდიდან 2018 წლის ბოლომდე მოემსახურა 24 849 მგზავრს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ რიგის მიმართულებით გადაიყვანა 16 323 მგზავრი.

2018 წლის აპრილი-ივნისის განმავლობაში ავიაკომპანია მოემსახურა 8159 მგზავრს, ხოლო 2019 წლის აპრილი-ივნისში კი 8400 მგზავრს. შესაბამისად მგზავრთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.

საქართველო-ლატვიას შორის Wizz Air-ის გარდა პირდაპირ ავიარეისებს ასრულებს ასევე ავიაკომპანია AirBaltic-ი.