რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი, არარეგულარული, ავიარეისები ისევ სრულდება, თუმცა საუბარია ერთჯერადი ე.წ. “Business Flight” ფრენებზე. ორ ქვეყანას შორის ამოქმედებული ავიასანქციების შემდეგ, 25 ივლისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი, ერთჯერადი ფრენა ე.წ.“Business Flight” განხორციელდა. რეისი მანის კუნძულებზე რეგისტრირებულმა საჰაერო ხომალდმა შეასრულა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 8 ივლისიდან, ქართული და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების აკრძალვის თაობაზე, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცალმხრივად, რუსეთის ფედერაციის მიერ. “ამასთან, იმავე მხარის, რუსეთის საავიაციო ხელისუფლების ნებართვით, 25 ივლისს შესრულდა ერთჯერადი ფრენა, ე.წ. “Business Flight” მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

საჰაერო ხომალდის ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, აღნიშნულ ფრენაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან განხორციელდა დაშვება (გაიცა ნებართვა) მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აქვე, გაცნობებთ, რომ საჰაერო ხომალდი, რომელმაც განახორციელა ფრენა, დარეგისტრირებულია მანის კუნძულებზე (Isle of Man) და იგი არ იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების აკრძალვის თაობაზე მიღებულია რუსული მხარის ცალმხრივი გადაწყვეტილებით და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ არც ქართულ და არც რუსულ ავიაკომპანიებზე ნებართვები არ გაუქმებულა. რაც შეეხება არარეგულარულ ერთჯერად ფრენებს, სააგენტო მოქმედებს “საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის N196 დადგენილების სრული დაცვით”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია, თუ ვინ ისარგებლა აღნიშნული თვითმფრინავით კონფიდენციალურია.