საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებელთა TOP-5 ავიაკომპანიიდან 4 უცხოური და 1 ქართული კომპანიაა. საქაერონავიგაციის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეს ყველაზე ხშირად იყენებენ ავიაკომპანიები: Turkish Airlines-ი, Pegasus Airlines-ი, Azerbaijan Airlines-ი, Georgian Airways-ი და Flynas-ი.
უწყების განმარტებით, 2022 წლის პირველ ნახევარში შესრულებული ფრენების რაოდენობამ (აფრენა – დაფრენა + გადაფრენა) 54,591 ერთეული შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 37,302 ფრენა. 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცე სხვადასხვა ავიაკომპანიებმა გამოიყენეს 41,222-ჯერ, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისში 64,460-ჯერ.
შესაბამისად, 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემები, პანდემიამდელ არსებულ მონაცემებთან შედარებით 15%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 46%-იან ზრდას. 32%-იანი ზრდაა 2020 წლის მაჩვენებლებთანაც.
რაც შეეხება უშუალოდ ივნისის მონაცემებს, 2022 წლის ივნისში პანდემიამდელ ივნისთან შედარებით 7%-იანი კლებაა, ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით კი 38%-იანი ზრდა.
კითხვაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა თუ არა საქართველოს საჰაერო სივრცეზე მოთხოვნა. საქაერონავიგაციაში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში საჰაერო ნაკადების გადაჯგუფება განხორციელდა და ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი.
“არსებული კონფლიქტის გამო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დაწესებულია შეზღუდვები რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. შესაბამისად, მოხდა საჰაერო ნაკადების გადაჯგუფება სხვა საჰაერო სივრცეებზე. საქართველოს საჰაერო სივრცეშიც მოხდა ნაკადების ნაწილის გადმომისამართება”, – აცხადებენ საქაერონავიგაციაში.