გროზნოში აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. შენობა ნახევარმთვარის ფორმის იქნება, მის წინ რვაკუთხა შადრევანი განთავსდება.

პროექტი ითვალისწინებს “ჩეჩენი ხალხის არქიტექტურულ, ისტორიულ და რელიგიურ ტრადიციებს”, – განაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა.

პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 15,5 მილიარდი რუბლია. ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა კიდევ 9 მილიარდი რუბლი დაჯდება.

ტერმინალი აშენდება არსებული ტერმინალის დასავლეთით. ამასთან, ძველი არ დაინგრევა, რათა მგზავრებს და თანამშრომლებს დისკომფორტი არ შეუქმნას.

ახალი ტერმინალით აეროპორტი წელიწადში 1,5 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. ეს ბევრად მეტია, ვიდრე გროზნოს აეროპორტი ამჟამად იღებს – 2021 წელს მისმა მგზავრთნაკადმა 714 ათას მგზავრს მიაღწია.