2022 წლის I კვარტლის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 146 სატვირთო რეისი შეასრულა.

მეორე ადგილზე კი ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ია, რომელიც იანვარ-მარტში 79 სატვირთო რეისს მოემსახურა.

შესრულებული სატვირთო რეისების მიხედვით მესამე ადგილს ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი იკავებს. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, პირველ კვარტალში ავიაკომპანიამ საქართველოს საჰაერო სატვირთო რეისების ბაზარზე 56 რეისი შეასრულა.

საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე შესრულებული ფრენებით, TOP-5-შია და 26 რეისით, მეოთხე პოზიციას იკავებს თურქული სატვირთო კომპანია Turkish Cargo. იანვარ-მარტში ყველაზე მეტი შესრულებული სატვირთო რეისით ლიდერებშია და მეხუთე ადგილზეა ევროპული სატვირთო ავიაგადამზიდავი Fleet Air International-ი, რომელმაც იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე 25 რეისი შეასრულა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.