2022 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცის 33,08%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 22 205-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 53,17%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 30,09%-ით ნაკლები 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის სამ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 33 183 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 31 761 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა) 14 497-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.