COVID-პანდემიის მიუხედავად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზრისადმი ინტერესი მზარდია. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივლისის ბოლოსათვის თელ ავივიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 31 სიხშირით შესრულდება, კიევიდან კი 21 სიხშირით. სტამბოლსა და თბილისს შორის, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული მიმართულებაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოსახვედრად, ფრენები კვირაში 39 სიხშირით შესრულდება.
როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, თბილისის მიმართულებით ყველაზე მეტი რეისი სტამბოლიდან სრულდება. TAV Georgia-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენები კვირაში 29 სიხშირით ხორციელდება. ივნისიდან კი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სიხშირეების ზრდაა დაგეგმილი. აღნიშნულ სიხშირეებს ემატება 4 სიხშირე Turkish Airlines-ისგან და 6 სიხშირე Pegasus Airlines-ისგან
მაშ ასე:
Turkish Airlines – 21 სიხშირე + 4 სიხშირე ივნისიდან,
Pegasus Airlines – 8 სიხშირე + 6 სიხშირე ივლისიდან.
შესაბამისად, ივლისში სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობა კვირაში 39 სიხშირეს მიაღწევს.
რაც შეეხება კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებას, დღეისათვის აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 18 სიხშირით სრულდება, თუმცა ივნისიდან 3 სიხშირე დაემატება და კვირაში 21 სიხშირე გახდება.
შესაბამისად:
FlyUIA – 8 სიხშირე,
SkyUp Airlines – 7 სიხშირე + 3 სიხშირე ივნისიდან,
Bees Airlines – 3 სიხშირე.
აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ფრენები გარდა კიევი-თბილისისა სხვა მიმართულებებითაც ხორციელდება.
რაც შეეხება თბილისსა და თელ ავივს შორის ფრენებს, ამ შემთხვევაში რეისები კვირაში 31 სიხშირითაა დაგეგმილი.
არსებული და დაგეგმილი რეისების განრიგი კი ასე გამოიყურება:
EL AL – 5 სიხშირე,
Arkia – 4 სიხშირე,
Isr Air – 4 სიხშირე + 1 სიხშირე ივნისიდან,
Georgian Airways – 13 სიხშირე ივნისიდან,
MyWay Airlines – 5 სიხშირე (1 ივლისიდან).