2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი თურქული კომპანია Turkish Cargo-ა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo 2 482,448 ტონა ტვირთს მოემსახურა.

საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ია, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით იანვარ-ივნისში 2 046,098 ტონა ტვირთი გაატარა.  

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ლუქსემბურის საჰაერო სატვირთო გადამზიდავი Cargolux Airlines-ი​, რომელიც იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 242,836 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

რაც შეეხება ბელორუსის Rubystar Airways-ს, ავიაკომპანიამ 2021 წლის 6 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 926,951 ტონა ტვირთი გადაზიდა.

გადაზიდული ტვირთების მიხედვით, ქართული ავიაბაზრის TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგშია ასევე აზერბაიჯანული ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ი, რომელმაც საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე იანვარ-მაისში 294,822 ტვირთს მოემსახურა.

აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს. შესაბამისად გამოდის, რომ Silk Way West Airlines-ი საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე იანვარ-ივნისში 1 221,733 ტონა ტვირთს მოემსახურა.