საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდს ავიაკომპანია „ავიასერვისი“ (Aviaservice) ჰყავს. როგორც საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ირკვევა, კომპანია ექსპლუატირებას უწევს 2022 წელს გამოშვებულს MBB BK117D-3-ს, რომელიც საქართველოს საჰაერო ხომალდების რეესტრში 2022 წლის 20 აპრილიდან ირიცხება. აღნიშნული ბორტის სარეგისტრაციო ნომერია 4L-CCC.

Aviaservice-ი კიდევ ერთი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტია, საუბარია MBB BK117 C-2-ზე, რომელიც 2005 წელსაა გამოშვებული და ქვეყნის საჰაერო ხომალდების რეესტრშიც 2005 წლის 19 დეკემბრიდან ირიცხება.

შპს ავიასერვისი (Aviaservice) 2021 წლიდან არის ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გამმართველი საწარმო.

Aviaservice-ის დირექტორია ალეკო ტყემალაძე, ხოლო ავიაკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „აერო როტორ ჰოლდინგი“. „აერო როტორ ჰოლდინგში“ კი ყველაზე დიდი წილს, 22%-ს ალეკო ტყემალაძე ფლობს. კომპანიის მეწილეები არიან ასევე: ალექსანდრე კართხია 21%, გოჩა ვარდიძე 12%, ჯემალ აბშილავა 9%, იგორ ჯანყულაშვილი 9%, მურმან მჭედლიშვილი 9%, ელგუჯა პაპიაშვილი 9%, ირინა დურიხანოვა 9%.

აღსანიშნავია, რომ ავიაპარკში შედარებით ახალგაზრდა საჰაერო ხომალდი გყავს ასევე ავიაკომპანია TCA-ს და საქაერონავიგაციას. ორივე ბორტი 2019 წელსაა გამოშვებული და TCA-ს შემთხვევაში საჰაერო ხომალდების რეესტრში ირიცხება 2022 წლის 21 იანვრიდან, ხოლო საქაერონავიგაციის შემთხვევაში 2019 წლის 1 თებერვლიდან. საქაერონავიგაციის შემთხვევაში საჰაერო ხომალდი AS350 B3 წარმოადგენს სახელმწიფო კომპანიის საკუთრებას, ხოლო TCA-ს შემთხვევაში, ავიაკომპანია AS350B3-ის ექსპლუატანტია.

შეგახსენებთ, რომ „ავიასერვისი“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს 2004 წლიდან. კომპანია ეტაპობრივად ვითარდებოდა და ჩარტერული ავიაკომპანიიდან ჩამოყალიბდა მრავალფუნქციურ ავიაკომპანიად, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია წარმატებით ახორციელებს შემდეგი სახის ოპერაციებს+: საძებნ-სამაშველო სამუშაოები, აეროფოტოგადაღებები, რეკრეაციული და ბიზნეს ჩარტერები, ჰელისკი და საპარაშუტო ხტომები, საამშენებლო სამუშაოების მხარდაჭერა შვეულმფრენის საკიდარით, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერა.

კომპანიის მიზანია მუდმივად განაახლოს და გაზარდოს საჰაერო ხომალდების ფლოტი და უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალის მუდმივი გადამზადების და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროცესები, თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილება და უსაფრთხო ოპერაციების წარმოება.