საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი, ავიაკომპანია Saudia, აწარმოებს მოლაპარაკებებს თვითმფრინავების მწარმოებლებთან Airbus-თან და Boeing-თან, რათა შეიძინოს საჰაერო ხომალდები როგორც საკუთარი სარგებლობისთვის, ასევე ახალი ავიაკომპანიისთვის, რომლის გაშვებას სამეფოს მთავრობა გეგმავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება Saudia-ს გენერალურმა დირექტორმა იბრაჰიმ ალ-ქუსიმ გააკეთა.

მისი თქმით, მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთდროულად ორი ავიაკომპანიისთვის, რადგან მათ ერთი და იგივე აქციონერი ჰყავთ. ალ-ქუსიმ გარიგების დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა.

Reuters-ი ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რიადი აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპული კორპორაციის Airbus-ისგან დაახლოებით 40 ერთეული A350-ის შეძენაზე. მყიდველი შესაძლოა იყოს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი. Reuters-ის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ გარიგების გარანტიები არ არსებობს. მათ განაცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გარიგების შესახებ, რომლის ღირებულებაა დაახლოებით $12 მილიარდია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დამტკიცებას ექვემდებარება.

იმავდროულად, ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი Boeing აპირებს კონკურენცია გაუწიოს საუდის არაბეთის შეკვეთის ნაწილს, მიუხედავად რიადისა და ვაშინგტონის ურთიერთობების გაციებისა. სააგენტოს წყაროების ცნობით, კომპანია დარწმუნებულია, რომ უკვე Saudia-ს ფლოტში მყოფი Boeing 787 Dreamliner-ის ხარჯზე მიიღებს 68-75 თვითმფრინავის შეკვეთას.

12 სექტემბერს, ჟურნალმა Arabian Business, წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ახალი საუდის ავიაკომპანია RIA შეიძლება 2022 წლის ბოლო თვეებში ამოქმედდეს. თავდაპირველად, გადამზიდავი გამოიყენებს მცირე ფუჟელაჟიან თვითმფრინავებს და განახორციელებს რეგიონულ ფრენებს. დაგეგმილია, რომ RIA დაფუძნებული იქნება რიადში.