რუსეთის მხრიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის, შესაძლო, აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი.

რომან ბოკერია ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები უნდა აღდგეს სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, მისი ყველა მუხლის დაცვით, რათა რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად და უსაფუძვლოდ ვერ შეწყვიტოს ორ ქვეყანას შორის რეგულარული მიმოსვლა.

“ასევე, საავიაციო ხელისუფლებებს შორის, ფრენების აღდგენამდე წინასწარი მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ პრინციპულად უნდა დაიცვას საქართველოს ინტერესები და რეგულარული ფრენები აღდგეს პარიტეტულ რეჟიმში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენების შეწყვეტამდე ირღვეოდა ხელშეკრულების პრაქტიკულად ყველა პუნქტი და რუსული მხარე საქართველოში ფრენებს საკუთარი სურვილიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების ინტერესების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ რუსეთის საავიაციო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს მაქსიმალურად უნდა დაიცვას ქართული მხარის ინტერესები, რათა არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორი – საფრენოსნო ავიაცია.
საქართველოს მთავრობა მუდმივად აპელირებს ტურიზმის ხელშეწყობაზე, შესაბამისად, მათ რეალურად უნდა დაიცვან საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ინტერესები, რადგან ტურიზმის განვითარება წარმოუდგენელია ქართული ავიაკომპანიის ხელშეწყობისა და გაძლიერების გარეშე, რუსეთის სადამსჯელო ღონისძიებები კი კონტრპროდუქტიულია. აღნიშნული ქმედებები ისეთი ეკონომიკური კონიუქტურის პირობებში როგორიც საქართველოშია ავიაკომპანიას უქმნის ლიკვიდობის პრობლემას და ხელს უწყობს მის გაკოტრებას”, აცხადებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქარველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წლის 8 ივლისიდან შეჩერდა. თუმცა ფრენების შესაძლო აღდგენაზე, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნისგან გარკვეული მინიშნებები გაკეთდა. რუსული მედია უკვე აქტიურად წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ნოემბრისთვის იგეგმება.