„სტიმულირების პროგრამის“ მოთამაშეები, რომლის ამოქმედებაც მთავრობამ რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების შემდეგ გადაწყვიტა, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

„სტიმულირების პროგრამის“ ერთ-ერთ, მაგრამ მთავარ ბენეფიციარად ავიაკომპანია Georgian Airways-ი მიიჩნევა, სადაც აცხადებენ, რომ ავიასანქციების გამო ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება, გარდა ამისა მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მლნ დოლარის ზარალი მიიღო.

„სტიმულირების პროგრამა“ კი, რომელიც მგზავრთგადაყვანის დაფინანსება/დასუბსიდირებას ითვალისწინებს, ავიაკომპანია Myway Airlines-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის აზრით ევროკომისიის ნორმებს ეწინააღმდეგება, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყანას შესაძლო დიდი ზიანი მიაყენოს.„ჯერჯერობით ეს ინიციატივისა და სურვილის ფორმატშია. მხოლოდ გეგმაა და რა თქმა უნდა თანხა არ მიგვიღია. დარწმუნებული ვარ ყველაფერი განხორციელდება რეგულაციის კანონმდებლობის ფარგლებში. ჩვენ განცხადებით მადლობა გამოვხატეთ, რომ განხილულები ვართ ამ მიმართულებით და ეს საკითხი გასავლელია იურისტებთან და თუ მართლაც რაიმე რეგულაციებს არღვევს და ქვეყანას ავნებს, ამას არ გავაკეთებთ. ამ დროისთვის მხოლოდ სურვილი გამოითქვა, რომ მთავრობა ეროვნულ ავიაკომპანიას დაეხმაროს.

ამაში ცუდი არაფერი არ არის. უზარმაზარი ზარალი მივიღეთ. ევრორეისების განვითარება 25 მლნ ლარით დავაფინანსეთ – დავაფინანსეთ 15 რეისი ევროპის მიმართულებით. ეს ნამდვილად იყო ქვეყნის ინტეგრაციის დახმარება. ეს არ იყო ბიზნესმომგებიანი გათვლა, ინვესტიცია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე განვახორციელეთ, როცა ჩვენ გაგვიჭირდა და ავიაემბარგომ დაგვარტყა რა გასაკვირია, რომ მთავრობა რაღაც ფორმით დაგვეხმაროს?

რუსეთის მიერ პირდაპირი რეგულარული ავიარეისების აკრძალვის შემდგომ Georgian Airways-ს საქართველოდან 5 მიმართულებით ავიაგადაფრენები შეწყვეტა მოუხდა.

ასევე, ზაფხულის სეზონი არის ყველაზე პოპულარული სეზონი საქართველოში ტურისტების ჩამოსვლისთვის. ავიაკომპანია ბილეთებს ყიდის სეზონის დაწყებამდეც და შესაბამისად ბილეთები გვქონდა გაყიდული. სანქციების შემდეგ გაყიდული ბილეთების დასაბრუნებლად მოვიდა ხალხი, ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებით და კანონმდებლობით იმ მგზავრებისათვის, რომელთაც სურდათ ბილეთის დაბრუნება თანხა უნდა დაგვებრუნებინა“, განმარტავს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, შემოსავალი რომელსაც კომპანია წლევანდელი სეზონისგან ელოდა და ვერ მიიღო, ჯერ კიდევ ჯამდება.

„შესაძლოა ზარალი უფრო მეტიც იყოს. ამას გარკვეული პერიოდის შემდგომ დოკუმენტალურად წარმოვადგენთ“, განმარტავს რომან ბოკერია.