სტამბოლის აეროპორტში 1.5 მლნ დოლარის ღირებულების იშვიათი ჯიშის ხვლიკის მსგავსი დიდი ძუძუმწოვრის – პანგოლინების ქერცლი აღმოაჩინეს, იტყობინება DHA. პანგოლინების რეალიზაცია აკრძალულია, ხოლო მისი ქერცლი სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება.თურქული მედიის ინფორმაციით, აეროპორტის საბაჟო სამსახურმა 1 217 კგ პანგოლინების ქერცლი ამოიღო, რომელთა საბაზრო ღირებულება 1.5 მლნ დოლარას შეადგენს.

აეროპორტ “სტამბოლის” კონტრაბანდასთან ბრძოლის და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა შეამოწმეს დიდი ყუთი, რომელშიც დოკუმენტების მოხედვით ცხოველის ძვლები და რქები უნდა ყოფილიყო. თუმცა ყუთის გახსნის შემდეგ,მასში რამდენიმე მუყაოს შედარებით პატარა ხუთი იდო, რომელშიც პანგოლინების ქერცლი იყო მოთავსებული.

ირკვევა, რომ კონტრაბანდისტები პანგოლინების ქერცლის გაყიდვას 3 მლნ დოლარად გეგმავდნენ.

ცხოველი პანგოლინი გადაშენების პირასაა. მსოფლიოში პანგოლინის ხორცი ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ითვლება, ამის გამო ცხოველის რიცხვი დღითიდღე მცირდება დედამიწაზე.

პანგოლინები ძუძუმწოვრების რიგის ცხოველები არიან. მათი სხეულის სიგრძე 30-88 სმ, მასა 4,5-27 კგ აღწევს. ზოგიერთი ნიშნით ემსგავსებიან არასრულკბილიანებს. სხეული აქვთ რქოვანი ქერცლით, მხოლოდ ცხვირი, მუცელი და ფეხების შიდა ზედაპირია შემოსილი მოკლე უხეში ბეწვით. კბილები ნაწილობრივ აქვთ ან სრულიად არ გააჩნიათ. 25 სმ-მდე სიგრძის ენა წებოვანი ნერწყვითაა დაფარული. კუჭი გარქოვანებული ეპითელიუმითაა ამოფენილი, მის სიღრუეში შეჭრილია რქოვანი კბილანით დაფარული ნაოჭი. პანგოლინების 7 სახეობა არსებობს, რომელთაგან 4 გავრცელებულია ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში, 3 – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბინადრობენ გაშლილ ადგილებსა და ტროპიკულ ტყეებში. აქტიური არიან ღამით, მოძრაობენ ნელა, იკვებებიან ჭიანჭველებითა და ტერმიტებით. პანგოლინები ყლაპავენ კენჭებს, რაც ხელს უწყობს საკვების დაქუცმაცებას. შობენ 1-3 ნაშიერს.