რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის გრძელმაგისტრალური, ლუქს კომპლექტაციის Boeing 767-300ER იყიდება. ამის შესახებ განცხადება ბიზნესავიაციის ოპერატორმა Global Jet-მა გამოაქვეყნა, რომელიც აბრამოვიჩის საქმიან თვითმფრინავებს მართავს. 

კომპანიამ მიუთითა, რომ იღებდა წინადადებებს თვითმფრინავის შესაძენად და იმავდროულად გამოაქვეყნა მისი ფოტოები.

აღწერილობაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავს აქვს სერიული ნომერი 33425, გამოშვებულია 2007 წელს. თვითმფრინავს განხორციელებული აქვს 1 954 რეისი და მის მიერ ნაფრენი საათები შეადგენს 7 080 საათს.

გასაყიდად გამოტანილ Boeing 767-300ER-ს მხოლოდ ერთი მფლობელი ყავდა.

ბიზნეს და ეკონომ კლასის სტანდარტულ კონფიგურაციაში, ამ კლასის თვითმფრინავს შეუძლია 250 მგზავრის გადაყვანა ევროპიდან ამერიკაში საწვავის შესავსებად შუალედური გაჩერებების გარეშე.

აბრამოვიჩის VIP-ვერსიაში კი ბორტზე მგზავრების საერთო ტევადობა მხოლოდ 34 მგზავრია. თვითმფრინავის სალონში განთავსებულია დიდი საძინებელი ცალკე საშხაპე ოთახით, ბიბლიოთეკა, სტუმრის 3 საძინებელი, დიდი სასადილო ოთახი, დიდი საერთო ოთახი და რამდენიმე პატარა დასაჯდომი ადგილი.

Global Jet-მა განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ Boeing 767-300ER აღჭურვილია ინტერნეტის გადამცემი სპეციალური ანძით და საჰაერო ხომალდი გადაღებილია 2020 წელს. 

კაბინის საქარე მინა ნიღაბს გავს, რომლითაც კრიმინალები სახეს მალავდნენ. სწორედ ამიტომ ხომალდმა მიიღო ზედმეტსახელი “ბანდიტი”.

Forbes-ის თანახმად, Boeing 767-300ER აბრამოვიჩს 315 მილიონი დოლარი დაუჯდა. დღეს კი ბიზნესმენს მისი გაყიდვიდან 100 მილიონი დოლარის მიღება შეუძლია.

საქალაქთაშორისო ფრენებისთვის რუსი მილიარდერი შესაძლოა გადაერთოს უფრო თანამედროვე Boeing 787-ზე. ინტერნეტ სივრცეში მოიძებნება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოლიგარქი ამ მიზნით გამოიყენებს თვითმფრინავს, რომლის სარეგისტრაციო ნომერია P4-BDL და გამოშვებულია 2018 წელს.