2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტი მგზავრთნაკადის მოლოდინში არიან. იანვარ-ივლისის მონაცემებით კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება.
„ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საერთაშორისო აეროპორტები მოემსახურა 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას და ტურისტები შემოდიან ახალი და ახალი მიმართულებებიდან. ველოდებით, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული თვე ისტორიული მაქსიმუმი იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო. რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე.