საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მოთხოვნის შესაბამისად მატულობს ავიაკომპანიების მიერ შესრულებული რეისების რაოდენობა. ფრენები მკაცრად დადგენილი განრიგის მიხედვით სრულდება, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობები, გადატვირთული საჰაერო სივრცე, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური თუ პროგრამული შეფერხებები, გაფიცვები და სხვა მსგავსი ფაქტორები ხშირად რეისის დაგვიანების ან გაუქმების მიზეზებს წარმოადგენენ.
როგორია მგზავრთა უფლებები ფრენის გაუქმებისა და რეისის დაგვიანების დროს, როგორ და რა ვითარებაში იცავს მათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა, რა შემთხვევებში ეკუთვნის მგზავრს კომპენსაცია?
მონრეალის 1999 წლის კონვენცია „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ არის საბაზისო სამართლებრივი აქტი მსოფლიო თანამეგობრობისთვის, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვისას მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და სამართლიანი კომპენსაციის გაცემის აუცილებლობის ძირითად პრინციპებს.
კონვენციის მიხედვით, „გადამზიდველი პასუხისმგებელია ზიანისათვის, რომელიც მგზავრების საჰაერო გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის საჰაერო გადაზიდვის შეფერხების შედეგად წარმოიქმნება. მაგრამ გადამზიდველი პასუხს არ აგებს შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანისთვის, თუ დაამტკიცებს, რომ მან და მისმა მომსახურეებმა და აგენტებმა მიიღეს ყველა შესაძლო, გონივრულად აუცილებელი ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ ზიანი, ან მათთვის შეუძლებელი იყო ასეთი ზომების მიღება.“
“საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ საქართველო სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს მიიღო. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციაზე დაყრდნობით (N261/2004) და ადგენს ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის პირობებს. წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაკომპანიის მეშვეობით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით.
ფრენის გაუქმება / საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმა
ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს მგზავრს ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ და შესთავაზოს მას ფრენის შეცვლის მისთვის მისაღები ვარიანტები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მან უნდა გადაუხადოს მგზავრს კომპენსაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფრენის გაუქმება გამოწვეულია განსაკუთრებული ვითარებით (მეტეოპირობები, ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული მოულოდნელი რისკები, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, გაფიცვა და სხვა მსგავსი მოვლენები) რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია საჭირო ზომების მიღების მიუხედავად.
ფრენის გაუქმებისას მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე, ან 7-14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება.
მგზავრს, რომელსაც კონკრეტული ფრენის განხორციელებისას უარი ეთქვა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოცხადდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე დადგენილი პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარის თქმა გამოწვეულია მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ფრენის უსაფრთხოებით, საავიაციო უშიშროებით ან არასათანადო დოკუმენტების წარმოდგენით, უფლება აქვს ფრენის სანაცვლოდ მოითხოვოს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან გააგრძელოს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით.
საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
250,00 EUR – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლე დისტანცია)
400,00 EUR – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია)
600 EUR – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია)
მანძილი გაიანგარიშება „დიდი წრის რკალის“ შესაბამისად (უმოკლესი ხაზი ორ წერტილს შორის დედამიწის სფეროს ზედაპირზე). დისტანციების მიხედვით თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება თქვენი ფრენა ამ ბმულზე შეგიძლიათ გაიგოთ: http://gc.kls2.com/
ფრენის ხანგრძლივი დაგვიანება
მგზავრების დახმარების ვალდებულება ავიაკომპანიებს ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში წარმოეშვებათ. ხანგრძლივი დაგვიანება წარმოადგენს ფრენის დაგვიანებას, რომელიც აღემატება ორ საათს. ავიაგადამზიდველი ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს დახმარება თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით შეადგენს:
ორ საათზე მეტ დროს – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას.
ამ შემთხვევებში ავიაგადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს მგზავრი შემდეგი სახის უფასო მომსახურებით: კვებით და გამაგრილებელი სასმელებით, ორი სატელეფონო ზარით, ფაქსით, ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უფლებით.
სულ მცირე 5 საათის დაგვიანების შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის: 1. ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება; 2. თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.
იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენის დრო გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით, ავიაკომპანიამ მგზავრებს შემდეგი დახმარება უნდა აღმოუჩინოს: კვება და გამაგრილებელი სასმელები, საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე – მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე.
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გაუარესება
იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი მომსახურების მაღალ კლასზე იმ კლასთან შედარებით, რომლისთვისაც იყო შეძენილი ბილეთი, მას არა აქვს უფლება მოსთხოვოს მგზავრს თანხის დამატება მაღალი კლასით მომსახურებისათვის.
თუ ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი შეძენილი ბილეთის კლასთან შედარებით მომსახურების დაბალ კლასზე, ის ვალდებულია ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში აუნაზღაუროს მგზავრს: ბილეთის ღირებულების 30% – 1500 კმ-მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 50% – 1500-დან 3500კმ – მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 75% – 3500კმ-ზე მეტ მანძილზე.
კომპენსაციისა და უფასო მომსახურების მისაღებად პირველ რიგში გადამყვან ავიაკომპანიას უნდა მიმართოთ. რიგ შემთხვევაში ავიაგამზიდველებს საჩივრის ფორმები თავად ააქვთ შემუშავებული. თუ ასეთი ფორმა არ შემოგთავაზეს ან ვერ იპოვეთ მათ ვებგვერდზე, შეგიძლიათ ავიაკომპანიას წერილობით მიმართოთ. კომპენსაციაზე ან კუთვნილ დახმარებაზე უარის შემთხვევაში, როგორც მგზავრს ისე ავიაკომპანიას უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს.
ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს წერილობითი ინფორმაცია საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების ყველა შემთხვევის შესახებ, აგრეთვე მგზავრისთვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების თაობაზე. წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო ავიაგადამზიდველს დააკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
რეისის დაგვიანებისა და ფრენის გაუქმების გამომწვევი ვითარებების ხასიათიდან და კონკრეტული შემთხვევების თავისებურებებიდან გამომდინარე, კომპენსაციის მიღების უფლება პრაქტიკაში არცთუ ისე მარტივი დასადასტურებელია. ამიტომ სასურველია შეინახოთ შესაბამის ფრენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ასევე სთხოვეთ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ადგილზე გაკეთებული შემოთავაზებებისა და ზეპირი განცხადებების გამომგზავნა წერილობითი შეტყობინებების სახით. წინასწარ გაეცანით თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნორმატიული აქტი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: http://www.gcaa.ge/geo/dgcaa_order.php
გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ და იმგზავრეთ მშვიდად ყველაზე უსაფრთხო და მოწესრიგებული ტრანსპორტით!