გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა და გაფართოვდა Georgian Airways-ის საჰაერო ფლოტი?

კომპანიის ინფორმაციით, 2000 წელს, პირველად ქართული ავიაციის ისტორიაში ავიაკომპანია Georgian Airways-მა HAPAG-LLOYD-თან თანამშრომლობით ორი Boeing 737-500 თვითმფრინავი ლიზინგით საქართველოში ჩამოიყვანა.

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. სწორედ, ამ დროიდან იღებს სათავეს ავიაკომპანიის ავიაპარკის მოდერნიზაციის პროცესი, რაც წლების განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

“2003 წელს კიდევ ერთი Boeing 737-500 თვითმფრინავი დაგვემატა. ხოლო 2005 წელს, ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტი ორი ახალი Boeing 737- 400-თა და Boeing 737-300-ით შეივსო. 2008 წელს, BBAM Aircraft Holding-თან მოლაპარაკებების საფუძველზე ავიაკომპანიამ ლიზინგით აიღო Boeing 737-500. ერთი წლის შემდეგ კი, Boeing737-500 და Boeing 737-700 თვითმფრინავები. გარდა ამისა, 2010 წელს CRJ – 200-ით დავიწყეთ ავიარეისების შესრულება. 2012 წელს კი, დაგვემატა Boeing 737-700.

Air Lease Corporation-თან თანამშრომლობის შედეგად 2013 წელს Boeing 737-700 თვითმფრინავი ჩამოვიყვანეთ, რომელიც დღესაც ემსახურება ჩვენს მგზავრებს. 2016 წელს კვლავ დაგვემატა Boeing 737-700. 2017 წელს ჩვენს საჰაერო ფლოტს ორი Embraer 190 შეემატა, რომელიც დღესდღეობით ექსპლუატაციაშია.

ამჟამად, ჩვენს ავიაპარკს ორი Boeing 737-700, სამი Embraer 190, ერთი Embraer 195, ერთი CRJ 200 შეადგენს. თითოეული მათგანი აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო სისტემითა და კომფორტული სალონებით, რაც უსაფრთხო, შეუფერხებელ და კომფორტულ ფრენის პროცესს უზრუნველყოფს”, განმარტავენ Georgian Airways-ში.