თურქეთის მხრიდან ღია ზღავში აშენებული მეორე, რიზე-ართვინის აეროპორტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით 14 მაისს გაიხსნება.
14 მაისს, ერდოღანისა და ალიევის თვითმფრინავები პირველ დაშვებას განახორციელებენ ფაზარის რაიონში მდებარე აეროპორტში, რომელიც რიზედან 34 კილომეტრშია, ართვინიდან 125 კილომეტრში.
რიზე-ართვინის აეროპორტის გახსნის შემდეგ ის თურქეთში მეორე აეროპორტი იქნება, რომელიც ღია ზღვაში გაიხსნება. პირველი აეროპორტში შავი ზღვის აკვატორიაში უკვე ფუნქციონირებს.
აეროპორტი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში, ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილკოისთან მდებარეობს.
ახალი აეროპორტი თურქეთის ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე აშენდა და მას „რიზე-ართვინის აეროპორტი“ დაარქვეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროვინცია გეოგრაფიულად მთაგორიანია, აეროპორტი ზღვაში ააშენეს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა, 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად 100 მლნ ტონა ქვა დაიხარჯა.
„აეროპორტი მთლიანად ზღვაზეა აშენებული. შესაძლოა ეს ამ ტიპის პირველი აეროპორტია გარკვეული მახასიათებლების გამო. გამოვიყენეთ განსაკუთრებული საინჟინრო ტექნიკა. არ უნდა იფიქროთ, რომ ქვები უბრალოდ ჩავყარეთ. ჩვენი აეროპორტის ფსკერი მაქმანივით არის ამოქარგული,“ – ამბობდა რიზეს გუბერნატორი ქემალ ჩებერი მიმდინარე წლის თებერვალში „ჰაბერ თურქისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ახალ აეროპორტს 3 ათასი მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი ექნება და ის ყველა სახის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. აეროპორტი წელიწადში სამი მილიონი მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი და ის მოემსახურება როგორც რიზესა და ართვინს, ისე მთელი შავი ზღვის რეგიონს.
ცალკე აღსანიშნავია აეროპორტის არქიტექტურა. რიზე-ართვინის აეროპორტის სანავიგაციო კოშკი ჩაის ჭიქის ფორმის იქნება, შესასვლელი ჩაის ფოთლის ფორმის იქნება, ხოლო აეროპორტის მთავარ შენობაში განთავსდება ჩაის მუზეუმი.
თავდაპირველად ახალი აეროპორტის გახსნა 2020 წლის 29 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მიზეზად პანდემია და ამის გამო შემცირებული მუშახელი დასახელდა. თურქეთის მეგა პროექტის მშენებლობა 750 მილიონი თურქული ლირა დაჯდა.