ფიჭური კავშირგაბმულობის მონაცემები კარგად აჩვენებს თუ როგორ ვრცელდება COVID-19. შედეგები არც ისე სახარბიელოა ხალხმრავალი რესტორნებისათვის.

როგორც tourister.ge წერს, სტენფორდის უნივერსიტეტმა და მისმა პარტნიორმა კვლევითმა ცენტრებმა შეისწავლეს მობილური ტელეფონების 2020 წლის მარტი-მაისის მონაცემები აშშ-ს 10 დიდ ქალაქში (ატლანტა, ჩიკაგო, დალასი, ჰიუსტონი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო და ვაშინგტონი).

მკვლევარებმა გაანალიზეს 98 მილიონი ადამიანის გადაადგილება საჯარო დახურულ სივრცეებში, შემდეგ დაითვალეს სამანქანო მოძრაობა თოთოეული ადგილის ირგვლივ, ასევე გამოთვალეს ადამიანების კონკრეტულ ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობა და თითოეული წერტილის ფართობი. კონკრეტული არეალის ინფიცირების მაჩვენებელების და ინფექციური დაავადებების გავრცელების სტანდარტული მოდელის გამოყენებით მკვლევარებმა დაადგინეს თუ როგორ ვრცელდება ვირუსი ქალაქების მასშტაბით.

სტენფორდის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი,გამოქვეყნებული რეპორტის თანაავტორი, Jure Leskovec, აცხადებს, რომ რესტორნები ახალი ინფექციების გავრცელებისთვის ყველაზე სარისკო ადგილია. იგი ოთხჯერ უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე სპორტ დარბაზები, კაფეები და სასტუმროები. ეს მონაცემები დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ ახალხან ჩატარებულ კვლევას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ს 11 ქალაქში ჩატარებული კვლევების მიხედვით კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მქონე ადამიანები ბოლო 2 კვირის განმავლობაში უფრო მეტად სტუმრობდნენ რესტორნებს, ვიდრე ისინი ვისაც არ ჰქონდათ ვირუსი დადასტურებული. 

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ამ კვლევამ რესტორნების ნაციონალური ასოციაციის უკმაყოფილება გამოიწვია, რომლის განცხადებით კოვიდ-19-ის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის ერთ ინდუსტრიაზე გადატანა არასწორია: „რესტორნები  ყოველთვის ყველანარი სტანდარტისა და რეგულაციების დაცვით მოქმედებდნენ“. თუმცა, ფაქტები ცხადყოფს, რომ რესტორანში სტუმრობას თან ახლდა რესტორნის პერსონალთან მჭიდრო, ნიღბის გარეშე  კავშირი, რაც ექსპერტების მოსაზრებით კოვიდ-19-ით ინფიცირების მთავარი მიზეზია. 

აღნიშნული კვლევა სულაც არ ნიშნავს, რომ რესტორნები საერთოდ უნდა დაიკეტოს. მონაცემებზე დაყრდნობით, თუკი რესტორნებში დასაჯდომი ადგილები 20 %-ით მაინც შემცირდება, ეს ინფექციას 80 %-ით შეამცირებს, რაც კლიენტების დაახლოებით 60 %-ის შენარჩუნების შესაძლელობას იძლევა. რა თქმა უნდა ეს იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ნიღბების ტარების და სოციალური დისტანცირების ნორმები.