ავიაკომპანია Red Wings-მა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე თბილისსა და ტიუმენს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დაწყების შესახებ გამოაცხადა. პირველი ფრენა 12 ივნისს არის დაგეგმილი. ავიაკომპანია რეისებს კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს, SSJ-100 ტიპის თვითმფრინავებით განახორციელებს.
განრიგის მიხედვით, ფრენები საღამოს საათებში შესრულდება: ტიუმენიდან თვითმფრინავი 18:40 საათზე აფრინდება, ხოლო თბილისიდან უკან 22:20 საათზე გაემგზავრება. მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი და 40 წუთია.
აღსანიშნავია, რომ Red Wings-ი ერთადერთი გადამყვანი იქნება, რომელიც საქართველოს დედაქალაქსა და ტიუმენს შორის პირდაპირ საჰაერო კავშირს უზრუნველყოფს. ფრენები ზაფხულის სეზონის ბოლომდე, ოქტომბრის ბოლო კვირამდე გაგრძელდება.












