COVID-პანდემიის შემდეგ მსოფლიო ავიაციამ აღდგენა სწრაფად დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დადგა ისეთი ვითარება, რომ არსებულმა მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა. შედეგად ავიაკომპანიები და აეროპორტები არსებული მგზავრთნაკადის მომსახურებას ვერ ახერხებენ, აღნიშნულის მიზეზი კი მწვავე საკადრო პრობლემებია. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილი აცხადებს, საქართველოსგან განსხვავებით ევროპულმა აეროპორტებმა პანდემიის პირობებში კადრების შემცირება დაიწყეს და როდესაც სექტორმა აღდგენა დაიწყო, მათ კადრების რაოდენობა უკვე აღარ ჰყოფნით. ახალი თანამშრომლების დამატება კი თავის მხრივ გარკვეულ დროსთან არის კავშირში.
“ქართული ავიასექტორი აღდგენის ასეთი დინამიკისათვის უფრო კარგად აღმოჩნდა მომზადებული. უშუალოდ საქართველოში მგზავრს პრობლემები არ აქვს. თუმცა, მე მინდა შევეხო გამოწვევებს, რომელიც გლობალურ დონეზე ძალიან მწვავედ დგას. ეს არს კადრების ნაკლებობა, როგორც მთელი ევროპის ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
პანდემიის პერიოდში, საკმაოდ ბევრ ავიაკომპანიას ან აეროპორტს, როდესაც მათ დროებით შეაჩერეს ან შეამცირეს ოპერირების მასშტაბები, მოუწიათ პერსონალის გაშვება. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში ასეთი რამ საბედნიეროდ არ მომხდარა და საქართველოს 3 საერთაშორისო და 2 ადგილობრივ აეროპორტში პერსონალი 100%-ით იქნა შენარჩუნებული. შესაბამისად ამ პრობლემის წინაშე ჩვენ არ ვდგავართ.
რაც შეეხება ავიაკომპანიებს ასევე აეროპორტებს, მაშინ როცა ავიაციის აღდგენა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს განსაკუთრებით 2022 წლის ზაფხულის სეზონზე კადრების სიმცირის გამო, ძალიან ბევრ კომპანიას შეექმნა მნიშვნელოვანი პრობლემები. რაც მუდმივ რეჟიმში იწვევს რეისების შეყოვნებას, გადადებას, გაუქმებას, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც როდესაც აეროპორტები რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ მუშაობდნენ. მაგალითად ბრიუსელის აეროპორტი, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იღებდა რეისებს. და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს საქართველოზეც, რადგანაც საქართველოს რეისები ძირითადად დაკავშირებულია ევროპასთან. ამიტომ არის დაგვიანებები, ხანდახან არის რეისების გადადებაც, ამიტომ არაპირდაპირ მაგრამ ევროპაში არსებული მწვავე პრობლემები საქართველოსაც ეხება”, – განმარტავს ვაკო ჭილაშვილი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ამბობს, რომ არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე საავიაციო სექტორი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და პრობლემები, მათი გათვლებით, რამდენიმე თვეში აუცილებლად აღმოიფხვრება.
“ყველა კომპანია, რომელიც ასეთ მწვავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ცდილობს რომ რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას კადრების დეფიციტი, გადაამზადონ, აიყვანონ ახალი კადრები. თუმცა ეს არ არის 1 და 2 დღის საკითხი, შესაბამისად პროგნოზირება რთულია. თუმცა თავად პრობლემის წინაშე მდგომი კომპანიები იმედოვნებენ, რომ არსებული პრობლემების აღმოფხვრა რამდენიმე თვეში მოხდება”, აცხადებს ვაკო ჭილაშვილი.