2 წელი გვაქვს, რომ გადავამზადოთ თანამშრომლები, დავამზადოთ კარგი ვიზუალური და მარკეტინგული მასალა, მოვიფიქროთ პროდუქტები და იქ შევძლოთ ახალი შესაძლებლობების პოვნა, ბიზნეს პარტნიორების შეძენა და ქვეყნის პრეზენტაცია, ასეთ შეფასებას ITB Berlin-ისთვის მზადების პროცესს საავიაციო სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი, რომლის მასპინძელიც 2022 წელს საქართველო იქნება. 

როგორც თანდაშვილი საკუთარ Facebook-ში წერს, საქართველოში ბევრს გონია, რომ გამოფენის მასპინძლობა ნიშნავს იმას, რომ ITB Berlin-ი საქართველოში ტარდება – “პირიქით, საქართველო ჩადის ბერლინში 2022 წელს თავისი საჯარო-კერძო სექტორით და იქნება წარმოდგენილი მრავალფეროვანი ვიზუალური და კონცეპტუალური ფორმით”. 

“მარტივად რომ ვთქვათ, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამოფენა საქართველოში ჩატარდება. პირიქით, საქართველო ჩადის ბერლინში 2022 წელს თავისი საჯარო-კერძო სექტორით და იქნება წარმოდგენილი მრავალფეროვანი ვიზუალური და კონცეპტუალური ფორმით.

ასეთ გამოფენებზე დასწრება და სტენდებით წარმოდგენა არ არის უფასო, კერძო კომპანიები იხდიან გარკვეულ საზღაურს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნის კერძო სექტორისთვის არ არის მარტივი ინვესტიცია ჩადო გამოფენებში, რამეთუ დაბალმარჟიანია შენი ბიზნესი და გქონდეს გრანდიოზული, თვალშისაცემი კონსტრუქცია.

ამიტომ არის ძაან კარგი შანსი ტურიზმის, ავიაციისა და სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესისთვის ეს მოვლენა. ხელმისაწვდომს ხდის ამ ფუფუნებას.

2 წელი გვაქვს, რომ გადავამზადოთ თანამშრომლები, დავამზადოთ კარგი ვიზუალური და მარკეტინგული მასალა, მოვიფიქროთ პროდუქტები და იქ შევძლოთ ახალი შესაძლებლობების პოვნა, ბიზნეს პარტნიორების შეძენა და ქვეყნის პრეზენტაცია.

საჯარო მოხელეებმა კარგად იმუშავეს და ეს ამბავი ნამდვილად დაეხმარება ადგილობრივ ბაზარს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ინსტიტუციური ცვლილებები, შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და გაზრდის ეფექტიანობას. ფოკუსს მოახდენს მთავარ წამყვან თემებზე”, წერს თანდაშვილი.

მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველომ ახალი გამარჯვება მოიპოვა. 2022 წელს, საქართველო, გერმანიაში, ბერლინში, მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა – ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

„საქართველომ საკმაოდ რთულ კონკურსში გაიმარჯვა და ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა გავხდით, რომელიც ყოველწლიურად ბერლინში იმართება . 2022 წელს საქართველო წარდგება აღნიშნულ გამოფენაზე განსაკუთრებული პოზიციონირებით. ჩვენ როგორც გამარჯვებულებს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას მივიღებთ, ჩვენ გვექნება პირდაპირი წვდომა 1 მილიარდიან აუდიტორიასთან და ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი შესაძლებლობა ჩვენი კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ერთად გადავაბიჯებთ ტურიზმის აბსოლუტურად ახალ ერაში, რომელიც საქართველოში მოიზიდავს ევროკავშირის ძალიან ბევრ მოგზაურს, ასევე მოგზაურებს სტრატეგიული ქვეყნებიდან, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა წლებია უკვე ინვესტირებას ახდენს.
კონკურსი იყო საკმაოდ რთული. მონაწილეობდა 30-მდე ქვეყანა. ყველა ეს ქვეყანა ტურისტულად ძლიერი და აქტიურია, ისტორიულად სტუმართმასპინძლობით გამოირჩევა. ბოლო 7-8 თვეა ვმონაწილეობთ აღნიშნულ კონკურსში. ეს იყო რამდენიმე საფეხურიანი, აპლიკაციასთან ერთად ეს მოიცავდა ადგილზე ჩამოსვლას და ინსპექტირებას. ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფმა პირდაპირ გვითხრა, რომ ის პოლიტიკა რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ატარებს არის სწორი, ეს გულისხმობს უსაფრთხო მიმართულებას, პროდუქტების დივერსიფიცირებას და ტურიზმის ინდუსტრიის პროაქტიურ განვითარების. ეს იყო პირდაპირი შეტყობინება ყველასთვის, რომ საქართველო არის მომდევნო საუკეთესო ტურისტული მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.