საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა, სადაც ნატახტრის აეროდრომიდან ფრენების განხორციელება აღარ ფიგურირებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიზეზი ოპერირებისთვის საჭირო სტანდარტების არარსებობაა.

„ნატახტარიდან შიდა ფრენები შესაძლებელია, თუმცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ავიაკომპანია, რომელიც ნატახტრის აეროდრომიდან ოპერირებდა საჭიროებს გარკვეული პროცედურების შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. თუ ტექნიკური პირობები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაბამისობაში იქნება, აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება ნატახტრის აეროდრომის გამოყენება. იცით, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება აეროპორტის მოდერნიზაცია განახლება, ამიტომ მოქნილობა გაქვს ნამდვილად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი ორ ნაწილად, ჯამში 12 მიმართულებაზე ცხადდება.

მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე

თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე

თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე

თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე

თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე

თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე

თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე

მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე

მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე

ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი.