„საქართველოს საჰაერო კოდექსში“ გარკვეული ცვლილებები განხორციელდება, რომლის მიხედვითაც ცვლილება ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს შეეხება, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის უშუალოდ ბაქანზე შემოწმებას და როგორც საჰაერო ხომალდის, ისე მისი ეკიპაჟის ინსპექტირებას.
მას ექნება უფლებამოსილება, ეკიპაჟის წევრი შეამოწმოს ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, რაც ერთ-ერთი აუცილებელი და უპირობოდ სავალდებულო შემოწმებაა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და არის ახლადდანერგილი პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ვერ ხორციელდება საქართველოში ამ ეტაპზე, შესაბამისი საფუძვლის არარსებობის გამო.
კანონპროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის IV ტომით გათვალისწინებული სტანდარტის, კერძოდ „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის“ (CORSIA) დანერგვას. სქემაში მონაწილეობის ვალდებულება საქართველომ აიღო 2016 წლის ბრატისლავას დეკლარაციაზე ხელმოწერით. აღნიშნული სტანდარტის მოქმედების ქვეშ ექცევიან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები, რომლებიც ახორციელებენ
საერთაშორისო ფრენებს მინიმუმ 5700 კგ მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდების მეშვეობით. სქემა არ ფარავს სახელმწიფოს შიდა ფრენებსა და ისეთ საერთაშორისო ფრენებს, რომლებიც ემსახურება სამედიცინო, ჰუმანიტარულ და ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებს. სტანდარტი ითვალისწინებს საერთაშორისო ფრენებზე გაფრქვეული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის კომპენსირებას საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების მიერ, რაც გამოიხატება მათ ვალდებულებაში შეისყიდონ და გააუქმონ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (იკაო) მიერ აკრედიტებული გარემოსდაცვითი პროგრამების მიერ გამოშვებული გამონაბოლქვის ერთეულები (emissions unit), რის შედეგადაც აღნიშნულ ერთეულებში გადახდილი თანხა მოხმარდება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გარემოზე მავნე გავლენის შესამცირებლად გატარებულ გარემოსდაცვით პროექტებს. სქემა აგრეთვე ითვალისწინებს ბიოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენების გზით ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებას, რის შედეგადაც მცირდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ კომპენსირებას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის ოდენობა. სტანდარტის მიხედვით, ყოველწლიურ გამონაბოლქვსა და განხორციელებულ კომპენსირებაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებმა რეგისტრაციის სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიშები, რომლებიც საბოლოო გადამოწმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ მიეწოდება იკაოს, ვინაიდან სწორედ იკაო განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას საერთაშორისო დონეზე.
ცვლილება შეეხება უპილოტო საჰაერო ხომალდებს, რომელთა სისტემების მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია დაიყოფა ექსპლუატაციის „ღია“, „სპეციფიკურ“ და „სერტიფიცირებულ“ კატეგორიებად. დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, აღკვეთოს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია, რომელიც ხორციელდება ექსპლუატაციის „ღია“ და „სპეციფიკურ“ კატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის რეგისტრაციის გარეშე. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.