„საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის წესის“ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სააგენტომ ევროკავშირთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული (EU)N1048/2018 რეგულაციის დანერგვის ფარგლებში 2023 წელს მიიღო, „საქაერონავიგაციამ“ სამივე საერთაშორისო აეროპორტის საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა შეიმუშავა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს შეითანხმა.
საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია (PBN) წარმოადგენს ზონალურ ნაოსნობას, რომლის დანერგვა:
🔵 გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას;
🔵 ხელს შეუწყობს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დონის შემდგომ ზრდას;
🔵 ხელს შეუწყობს საჰაერო ხომალდების ფრენის დროის შემცირებას ოპტიმალური ფრენის მარშრუტების დანერგვით, რასაც შედეგად მოჰყვება საწვავის დაზოგვა, ხმაურისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება, ასევე, გარემოს დაცვის დონის ამაღლება;
🔵 შეამცირებს ავიაკომპანიებისთვის საფრენი მანძილს და მათი კუთვნილი საჰაერო ხომალდებისთვის ჰაერში შეყოვნების დროს;
🔵 შეამცირებს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისა და პილოტების სამუშაო დატვირთვას;
🔵 შეამცირებს მიწისზედა ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული მარშრუტებისა და პროცედურების უზრუნველყოფის ხარჯებს;
🔵 გაზრდის აეროპორტებში დასაფრენად შესვლის ოპტიმალური ტრაექტორიების შერჩევის შესაძლებლობებს;
🔵 ხელს შეუწყობს საჰაერო მოძრაობის ნაკადების განვითარებას უფრო ზუსტი დასაფრენად შესვლის, გაფრენისა და მოფრენის მარშრუტების დანერგვით;
გაზრდის რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში საჰაერო ხომალდების აეროპორტებში აფრენა/დაფრენის შესაძლებლობებს.
ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის შესაბამისად, PBN-ის დანერგვა სახელმწიფოების მიერ ეტაპობრივად ხორციელდება, ხოლო მის ექსკლუზიურად გამოყენებაზე ქვეყნები 2030 წლიდან უნდა გადავიდნენ. საქართველოში PBN-ის დანერგვაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ევროპული რეგულაციის დანერგვით, შესაბამისი ზედამხედველობის განხოციელებით და „საქაერონავიგაციის“ მიერ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით, საქართველო სრულ თანხვედრაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან და დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს PBN-ს კონცეფციაზე გადასვლას.