მთავარი სიახლეები რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში 2 სამაშველო ვერტმფრენი იქნება ბაზირებული

რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში 2 სამაშველო ვერტმფრენი იქნება ბაზირებული

546

რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში 2 სამაშველო ვერტმფრენი იქნება ბაზირებული და საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა მათ მყისიერ გამოყენებას შეძლებს.
როგორც საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, ამ დღეში ბელარუსიიდან 2 ვერტმფრენი შემოვა და 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში მუდმივად იქნება ბაზირებული. საქართველოს მთავრობა ვერტმფრენებს ეკიპაჟთან ერთად ქირაობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.
სააგენტოს ინფორმაციით, ვერტმფრენები მულტიფუნქციური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენება სხვადასხვა სამაშველო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი.
როგორც საქართველოს მთავრობის #1311 განკარგულებაშია აღნიშნული, სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საგანგებო სიტუაციებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ტყის ხანძრების მაღალი რისკისა და ტურისტული სეზონის აქტიური ფაზის პერიოდში არსებობს სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ფუნქციის მქონე ვერტმფრენის მხარდაჭერის მომატებული საჭიროება. სწორედ ამ ფონზე პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვერტმფრენების მომსახურეობის შესყიდვა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დაევალა.