რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული იანვრის ფრენების განრიგიდან ირკვევა ერევანი-თბილისი-ერავანის საჰაერო ხაზზე Aircompany Armenia ფრენებს 5-დან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებს.

გამორიცხული არ არის ავიაკომპანიამ რეისები 15 იანვრის შემდეგაც განახორციელოს, რასაც სავარაუდოდ მოგვიანებით დაანონსებს.  

5-8-10-13-15 იანვარს, ერევანი-თბილისი-ერევანის საჰაერო ხაზზე Aircompany Armenia დღეში ორი სიხშირით მოახდენს ოპერირებას. ანუ 5 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში Aircompany Armenia ერევანი-თბილისი-ერევანის მიმართულებაზე ფრენებს 10 სიხშირით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ  Aircompany Armenia მგზავრებს როგორც ერევანი-თბილისის, ასევე თბილისი ერავანის მიმართულებაზეც მოემსახურება.

რამდენიმე კვირის უკან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი  Aircompany Armenia მგზავრებს თბილისიდან ერევნის გავლით რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით და პირიქით, სთავაზობდა მგზავრობას. აღნიშნული ტრანზიტული მიმართულება რუსეთ-საქართველოს შორის გადაადგილებისთვის აქტიური მას შემდეგ გახდა, რაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა აიკრძალა, რასაც თავის მხრივ, ტრადიციისამებრ, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.

ერევნის და სხვადასხვა ტრანიზტულ მიმართულებებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან https://www.armeniafly.com/hy

აღსანიშნავია, რომ სომხური ავიაკომპანია Aircompany Armenia -ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილია.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მიმართულებით ფრენების შეჩერება მოუხდა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-საც.

მალევე, Georgian Airways-მა  Aircompany Armenia -სთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანის განხორციელებისათვის თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტული რეისები აემოქმედებინა, რომლის შეჩერებაც, 2020 წლის დასაწყისში, COVID-19-ის პანდემიის ფონზე მოუწია.