თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
დღეისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 35 ავიაკომპანია 38 მიმართულებით ასრულებს რეისებს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივლისში 313 036 მგზავრი გაატარა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 35,37%-ით აღემატება.
ზაფხულის სეზონზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.