გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის პერიოდი მცირდება. „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის მიზნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების განხილვის ვადა სამი თვიდან 45 დღემდე ვადით შემცირდა. ასევე გაჩნდა ახალი მოთხოვნა, რომლის მიხედვით, განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარმოუდგინოს საწარმოს კაპიტალში ინვესტიციის განხორციელებისას პარტნიორის მიერ გამოყენებული ფულადი სახსრების წარმომავლობა; მოწმობის გაცემის პირობად განისაზღვრა 3 წლიანი ბიზნეს-გეგმის წარმოდგენა, რომელსაც უნდა გააჩნდეს განხორციელების გონივრული პერსპექტივა; დაზუსტდა განმცხადებლის ვალდებულება წარმოადგინოს იმგვარი ბიზნეს-გეგმა, რომლის მიხედვითაც იგი შეძლებს პირველი 2 წლის განმავლობაში არსებული და პოტენციური ვალდებულებების შესრულებას.
ამასთან, დაკონკრეტდა, რომ განმცხადებელს უნდა გააჩნდეს საკმარისი ოდენობის ნაღდი ფული ოპერირების დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში არსებული და პოტენციური ვალდებულებების დასაფარად; წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ავიაგადამზიდველის შესაბამისობის დასადგენად, სააგენტოს მიეცა უფლება ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ავიაგადამზიდველისგან ინფორმაცია, რათა გადაამოწმოს მისი შესაბამისობა უპირატესი საკუთრების/ეფექტური კონტროლისა და საქმიანობის ძირითადი ადგილის მოთხოვნებთან;
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესში“ განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული ზედამხედველობის და მონიტორინგის მექანიზმების სრულყოფას, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სააგენტოს მხრიდან ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის და საიმედოობის კონტროლს.
წესში შესული ცვლილებები ძირითადად უზრუნველყოფს ავიაგადმიზდველების მიმართ დადგენილ მოთხოვნების დაზუსტებას, დამატებით ჩაშლას ან შეცვლას იმგვარად, რომ სააგენტოს ჰქონდეს კიდევ უფრო ქმედითი ბერკეტები მოწმობით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე სრულყოფილი ზედამხედველობის გასაწევად. ამასთან, მოცემული ცვლილებების ამოქმედებით, სააგენტო ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მაძიებლების ან მფლობელების მხრიდან სააგენტოსთვის არასწორი ინფორმაციის მოწოდების, ინფორმაციის დაფარვის ან გარკვეული მონაცემების მოწოდებისაგან თავის არიდების შესაძლებლობები.