საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება. ღონისძიება ერთდროულად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება.

საქართველო რომ  ღვინის სამშობლოა და 8000 წლიანი წარმოების უწყვეტი ტრადიცია აქვს, ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები აეროპორტშივე ეზიარებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფესტივალის კვირეულისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმა და გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს ღვინოები დაურიგა.

TAV GEORGIA-ს ორგანიზებით, ფესტივალის საერთო კონცეფციით გაფორმდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით კი მთელი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ აეროპორტში ჩამომფრენ უცხოელ ვიზიტორებს მესაზღვრეები ქართულ ღვინოს და  ფესტივალის პროგრამას გადასცემენ. „ღვინის დღეები საქართველოში“ 15 ოქტომბრის ჩათვლით 26 ლოკაციაზე აღინიშნება.