ქართულ ავიაბაზარზე ლიბანური ავიაკომპანია Middle East Airlines-ი (MEA) შემოვიდა. საწყის ეტაპზე ავიაკომპანია ბეირუთი-თბილისი-ბეირუთის საჰაერო ხაზზე 10 ჩარტერულ რეისს შეასრულებს და ბაზარზე დაკვირვების შემდეგ გადაწყვეტს დარჩეს თუ არა ამ მიმართულებაზე უკვე რეგულარული რეისებით.
MEA-მ ლიბანიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი 19 ივლისს შეასრულა. ირკვევა, რომ პირველი რეისი ავიაკომპანიამ მოფრენა 75%-იანი დატვირთულობით, ხოლო გაფრენა 45%-იანი დატვირთულობით შეასრულა, რაც ავიაკომპანიისთვის პირველი რეისის შემთხვევაში, როდესაც ღია მარკეტინგული კამპანია არ უწარმოებია, დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია.
„ბეირუთიდან მგზავრები საქართველოში სხვადასხვა შემოვლითი გზებით და ავიაკომპანიებით ჩამოდიოდნენ. აღნიშნულ მიმართულებაზე მგზავრნაკადი საკმაოდ იყო და ამიტომ გადაწყდა პირდაპირი რეისების ორგანიზებაც. MEA ოპერირებს სომხეთშიც, კვირაში 3 სიხშირით და საკმაოდ მაღალი დატვირთულობა აქვს. MEA-ს სათავო ოფისიდან ადგილზე ბაზრის გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ ავიაკომპანია ბეირუთსა და თბილისს შორის ჯერ ჩარტერულ ფრენებს მოსინჯავდა. ავიაკომპანიას საქართველოში საკმაოდ კარგი წარმომადგენლობა ჰყავს „სიდონ თრეველი“ და იგივე კომპანია უზრუნველყოფს მის GSA-საც“, – განუცხადეს AviaNews-ს AFS Ground Handling-ში, რომელიც ავიაკომპანიების საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებებს უზრუნველყოფს.
MEA ბეირუთიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ერთ რეისს განახორციელებს.
ლიბანის ეროვნული ავიაკომპანია Middle East Airlines-ის (MEA) სათავო ოფისი ბეირუთში მდებარეობს. ავიაკომპანია დაფუძნდა 1945 წელს, ხოლო პირველი რეისი შეასრულა 1946 წელს. ის ბაზირებულია ბეირუთის რაფიკ ჰარირის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც ახორციელებს საერთაშორისო ფრენებს აზიის, ევროპისა და აფრიკის მიმართულებით.
2012 წელს ავიაკომპანია საავიაციო ალიანსის SkyTeam-ის წევრი გახდა. გარდა ამისა, Middle East Airlines არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) და არაბული საჰაერო გადამზიდავების ორგანიზაციის წევრი.