რა გეგმები აქვს გერმანულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Eurowings-ს საქართველოში? Eurowings-ის მენეჯერებთან: ავიამიმართულებისა და აეროპორტებთან ურთიერთობის უფროს მენეჯერთან ივან ორეკთან და ბიზნესგანვითარების მენეჯერთან არნოლდ ბორიასთან ინტერვიუ BMG-ს ჟურნალისტმა მარიამ ადამიამ ჩაწერა:
– საუბარი მინდა დავიწყო თქვენი შეფასებით და მოლოდინებით, რას ელოდებით საქართველოს ბაზრისგან და რეალურად რამდენად საინტერესო მიმართულებაა ეს Eurowings-თვის?
– ივან ორეკი: პირველ რიგში მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის, არაჩვეულებრივი ქვეყანა გაქვთ, განვითარების უზარმაზარი პოტენციალით, რომელიც ჩვენ ნათლად დავინახეთ და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყება. რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინები გვაქვს პოზიტიური და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს უკვე გაყიდული, თუ დაჯავშნილი ბილეთების რაოდენობაც, რომელიც დარწმუნებულნი ვართ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება.
– ცოტა მეტი რომ გაგვიმხილოთ თუ არის შესაძლებელი გეგმების შესახებ საქართველოში? რომელ მიმართულებებს, ქალაქებს დაამატებთ და რა გეგმა გაქვთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით?
– არნოლდ ბორია: ჩვენ ჯერ პირველი ნაბიჯი გადავდგით და შემოვედით ბაზარზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამიტომ დაკვირვების რეჟიმში ვართ, როგორი იქნება მოთხოვნა, რამდენად მზარდი გახდება სტატისტიკა. ჯერჯერობით რაც გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ Eurowings-ი ზაფხულის დასრულების შემდეგ ანუ ზამთრის სეზონზეც გააგრძელებს ოპერირებას საქართველოში, თუმცა ჯერ ფოკუსირებულნი ვართ მაინც დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაზე, დანარჩენი კი უკვე მოთხოვნის შესაბამისად დაემატება და გაიზრდება, აეროპორტებიც და მიმართულებებიც.
– რაც შეეხება ბილეთის ფასებს, რამდენად დაბალი იქნება ის საქართველოში?
– ივან ორეკი: 100-99,9 ევროდან იწყება და გულისხმობს ერთ მიმართულებას, თუმცა ჩვენ გვაქვს ფასდაკლებები ამიტომ სრულებით შესაძლებელია ბიუჯეტურად ფრენა თბილისსა და დიუსელდორფს შორის. ყველა სიახლე, იქნება ეს აქცია თუ ფასდაკლება, ქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე Eurowings.com. ასე, რომ ადევნეთ თვალი და დაგეგმეთ შვებულება ჩვენთან ერთად.
– რომელი მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი დღეს მსოფლიოს მასშტაბით და როგორ ფიქრობთ საქართველო თუ იქნება მალე მათ რიცხვში?
– არნოლდ ბორია: დღეს ჩვენ ვხედავთ ახალ ტრენდს, ანუ მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში გადავიდა მთელს მსოფლიოში, როცა საზღვრები ასე თუ ისე გაიხსნა და მოგზაურობას მონატრებულმა ადამიანებმა დაიწყეს გადაადგილება, მათ უდიდესი ნაწილი დასასვენებელ, ანუ ლეჟა-ტურიზმს ანიჭებს უპირატესობას და მიმართულებებადაც სწორედ ასეთ ქალაქებს არჩევენ. მათ შორისაა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, საბერძნეთი, ესპანეთი და ჩვენს სწორედ ამ მოთხოვნის შესაბამისად ვეწყობით და ვადგენთ ფრენებსაც და ბიზნეს-გეგმასაც.
– ბიზნეს გეგმა ახსენეთ და მაინტერესებს, რა არის თქვენი ანუ კომპანია Eurowings-ის მთავარი უპირატესობა, სხვა დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან შედარებით?
– ივან ორეკი: მთავარი უპირატესობა ხარისხი და კომფორტია. მგზავრმა ზუსტად იცის რაში იხდის ფულს და გვენდობა. გარდა ამისა, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მთავარ აეროპორტებს და ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს ევროპაში. მორგებული ვართ სრულად მგზავრზე და კარგი სინთეზია მაღალი ხარისხის და ბიუჯეტური ფასის.
– მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენთვის, საქართველოში იყო ის ფაქტიც, რომ ავიაკომპანია პირველად ბაზარზე სწორედ პანდემიის პერიოდში შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არაერთხელ იყო ამის მცდელობა ჩვენი მხრიდან. რამ გადაგაწყვეტინათ და რას ნიშნავდა Eurowings-თვის პანდემია?
– არნოლდ ბორია: პანდემია, ისევე როგორც მთელი საავიაციო სექტორისთვის, ჩვენთვისაც უდიდესი გამოწვევა, გამოცდა და გამოცდილება აღმოჩნდა და ამ სირთულეების ფონზე მოხარულები ვართ რომ ახალ ბაზარზე მოვახერხეთ შესვლა. ჩვენ ახლაც ნაწილობრივ პანდემიურ რეჟიმში ვცხოვრობთ, ევროპაში შეზღუდვები ისევ ძალაშია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ნახეთ პირველი ფრენა საქართველოდან გერმანიაში კვირას, 4 ივლისს უკვე შესრულდა 172 მგზავრით. ეს ნამდვილად კარგი ამბავია.
– ივან, ზოგადად რას უყურებთ და რა ფაქტორებს ითვალისწინებთ, ავიაკომპანიის წარმომადგენლები, როდესაც ახალ ქვეყანაში შესვლას გეგმავთ?
– ივან ორეკი: ქვეყნის მასშტაბი, განვითარების პოტენციალი, მგზავრების სავარაუდო რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, რეალურად ფაქტორები ბევრია, რაც გასათვალისწინებელი და დასათვლელია, სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამ ახალ ბაზარზე, მათ შორის არის ასევე ტურ-ოპერატორთა და მგზავრთა ინტერესები. ეს არის ერთგვარი ჯაჭვი, რომელზეც დგას ავიაციის სექტორი და სწორედ ამ ინდიკატორებს ვუყურებთ ჩვენც, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ. ჩვენ ამ თემებზე გვქონდა შეხვედრა და თანაც არაერთი მინისტრებთან საქართველოში და სანამ Eurowings-ი შემოვიდოდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ახლდა თან. თუმცა დღეს უკვე სიხარულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ აქ ვართ და ეს აუცილებლად მზარდი სტატისტიკით გაგრძელდება.
– არნოლდ ბორია: აქვე დავამატებ მეც რომ პირველად ვარ საქართველოში და აუცილებლად მოვუყვები ყველას, მეგობრებსაც და კოლეგებსაც, როდესაც დავბრუნდები სამშობლოში, როგორი არაჩვეულებრივია საქართველო, თავისი ისტორიით, კულტურით, კულინარიით და სტუმართ მასპინძლობით და რომ აუცილებლად დაგეგმონ შვებულება ამ ქვეყანაში, მით უმეტეს ახლა უკვე Eurowings-ის დახმარებით ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება.
– და ბოლოს გეგმები როგორია? რას უნდა ველოდოთ?
– არნოლდ ბორია: ჩვენ ამ წუთებშიც ვმსჯელობთ, ვაფასებთ და განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატებას, ასე რომ სიახლეები იქნება, თანაც აუცილებლად. მარიამ: მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ!