რუსეთ-უკრაინის ომმა დარტყმა მიაყენა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაგადამზიდავს Wizz Air-საც. როგორც ავიაკომპანიის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ BM TV-ს გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე გიორგი მოლოდინაშვილთან ერთად“ განაცხადა, ავიაკომპანიის ბორტები უკრაინაში დარჩა, თუმცა მოხერხდა პერსონალის გამოყვანა და მათი დასაქმება.
„ცხადია ამ ომმა პირდაპირი დარტყმა მიაყენა ჩვენს ავიაკომპანიას. ჩვენი საჰაერო ხომალდები და პერსონალი დარჩა კიევში. ჩვენ ვერ შევძელით იქიდან თვითმფრინავების გამოყვანა მაგრამ მოვახერხეთ პერსონალის გამოყვანა და დავასაქმეთ ჩვენი ქსელის ფარგლებში. ჩვენი უკრაინელი თანამშრომლები რჩებიან Wizz Air-ის დასაქმებულებად და საქმიანობას განაგრძობენ სხვადასხვა ბაზებზე. ეს კი აჩვენებს ჩვენი ავიაკომპანიის სულისკვეთებას და კორპორაციულ კულტურას, რომ ჩვენს თანამშრომლებს არასოდეს მივატოვებთ. ჩვენ ერთი თვითმფრინავის გამოყვანა მოვახერხეთ უკრაინიდან და 3 კიდევ რჩება ადგილზე, ისინი არ არის დაზიანებული. უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვფრინდებით უსაფრთხოების მიზეზებით, მაგრამ როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა მაშინვე გამოვიყვანთ. ყველაზე დიდი პრობლემა არის ომი ზემოქმედება ეკონომიკაზე და სანქციების შედეგები, რაც იწვევს საწვავის ფასის ზრდას ავიაციის სფეროში, ინფლაციური პროცესების გამწვავებას, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს რეცესიამდე და შეამციროს ადამიანების მხარჯველუნარიანობა. ეს არის ომის ძირითადი ნეგატიური შედეგები. რაც შეეხება ომის გავლენას ჩვენს კომპანიაზე, ჩვენი მთლიანი მოცულობების 7 პროცენტი მოდიოდა რუსეთსა და უკრაინაში ფრენების შესრულებაზე და კონფლიქტის დაწყების პირველ 3-4 თვეში ჩვენ მოვახდინეთ ამ მოცულობების გადასროლა სხვა ბაზრებზე”, – განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ.