ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ციკოლიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, აშშ-დან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებთან დაკავშირებით ამერიკულ ავიაკომპანიებთან მუშაობა შეფერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემია უკვე ორ წელზე მეტს ითვლის, როგორც დიპლომატი BM.GE-სთან ინტერვიუში განმარტავს, ამერიკულმა ავიაგიგანტებმა ფინანსურ კრიზისს თავი სრულად ვერ დააღწიეს, რაც მათთვის ახალი მიმართულებების ათვისებას აფერხებს.
აქვე, ციკოლია იმ პროცესს აღწერს, რაც სტრატეგიულ პარტიორ ქვეყანასთან პირდაპირი ავიამომისვლის მიზნით ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2019 წელს გაიარა.
“ამ თემაზე გარკვეული წინსვლები გვაქვს და ვართ იმ რეალობაში, როცა ერთი ან ორი ნაბიჯია დარჩენილი, რომ ეს რეალობა გახდეს – ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანი, თუმცა ნაბიჯი გადასადგმელი მაინც არის.
ჩვენ ავიაკომპანიებთან პანდემიამდე გვქონდა საუბარი. ქალბატონი ნათია თურნავა (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) იმყოფებოდა აშშ-ში. ჩვენ სამ ძირითად, უმსხვილეს კომპანიასთნ გვქონდა კომუნიკაცია, რომელიც აშშ-ში საერთაშორისო ფრენებით არის დაკავებული. სამიდან ერთ კომპანიაზე დავედით, რომელსაც ჰქონდა ინტერესი, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოში წამოეწყო და ამ საუბრის დროს, უკვე შევედით პანდემიის პროცესში, როცა სამიდან ერთი კომპანია, უკვე პრაქტიკულად ბანკროტად გამოცხადდა. სამივე კომპანიაში სახელმწიფომ, მათი გადარჩენის მიზნით, მილიარდობით დოლარი ჩადო. სამივე კომპანია ძალიან რთულ, შიდა კორპორაციულ, თუ სხვა პროცესებს გადის.
მინდა მარტივად აგიხსნათ, რას ნიშნავს ახალი მიმართულება – ეს ნიშნავს ახალ თვითმფრინავს, ან არსებული თვითმფრინავის სხვა მიმართულებაზე გადატანას, რაც გარკვეულ რიცხვებთან არის კავშირში. ეს პროცესია. ამ რეალობაში, როცა კომპანიებს ძალიან უჭირთ და დიდწილად არიან დამოკიდებულნი იმაზე, სახელმწიფო მათ რა დახმარებას გაუწევს, წელს უკვე ნელ-ნელა გამოდიან ამ რეალობიდან, რთულია დამატებით ხაზებზე საუბარი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვისაუბროთ, პირიქით, ეს არის რეალობა, როცა შეიძლება საუბრისთვის უფრო მეტი სივრცე იყოს და როცა მომწოფდება გარემო, შეიძლება ამ გარემოში დაწინაურება”, – განმარტა მან.
ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში დარჩენილ ნაბიჯებს შორის საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული მხარდაჭერაც იყო გათვალისწინებული.
“ეკონომიკის სამინისტრო მზად იყო, რომ დამატებითი მხარდაჭერა გაეწია კომპანიისთვის პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილების დროს, რომ ის საინტერესო ყოფილიყო. ეს მხარდაჭერა შესაძლოა, იმ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით განხორციელებულიყლ, რომელიც ისედაც ხარჯის სახით უნდა აეღო კომპანიას თავის თავზე, იქნება მარკეტინგული, თუ სხვა ხარჯი, რაც საინტერესო იყო კომპანიისთვის და შემდგომი ეტაპი იყო ამ წინადადების შეფასება. ამ შეფასების პროცესში კი სხვა რეალობაში (პანდემია) გადავედით და დღეს უკვე უკან მობრუნება გვიწევს”, – აღნიშნა დიპლომატმა.
რაც შეეხება თბილისის მიმართულებით ფრენებით ყველაზე მეტად დაინტერესებულ კომპანიას, გიორგი ციკოლიას თქმით, ეს American Airlines იყო, სადაც ასევე ხელმძღვანელობა შეიცვალა და ამ პირობებში მათთან ახალი რეისების დანიშვნაზე საუბარი რთულია.
შეგახენებთ, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულ ავიაკომპანიებთან (United Airlines, Delta Airlines, American Airlines) შეხვედრები 2019 წლის სექტემბერში გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.