11 ოქტომბერს ქუთაისსა და ავსტრიას შორის ავიამიმოსვლა დაიწყება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.
პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 წუთზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.
“გრძელდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის განვითარება. ქუთაისის აეროპორტმა ამიერკავკასიის საავიაციო ბაზარზე თავისი ნიშა დაიმკვიდრა. აეროპორტს დაემატა ახალი სერვისები, გაიზარდა დამატებით კომერციული ფართებისა და კვების ობიექტების რაოდენობა, საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 11 ოქტომბერს ჩვენი აეროპორტიდან ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის – ვენის მიმართულებით დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ავიაკომპანია ვიზ ეართან 6 წლიანი ნაყოფიერი და საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ეტაპობრივად ამატებს. რამდენიმე ქვეყანასთან საქართველომ პირველად დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მგზავრობა ხელმისაწვდომი გახდა,-‘’აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
11 ოქტომბერს 15:00 საათზე ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვება. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა გაიმართება.