ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სუვენირების რეალიზაციის ობიექტის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით კი შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალის შენობაში, გაფრენის დარბაზში მდებარე 17,5 კვ.მ ფართს იჯარით გასცემს. შესაბამისი აუქციონი 29 ივნისისთვისაა ჩანიშნული და საიჯარო ყოველთვიური საწყისი ღირებულება კი 2550 ლარს შეადგენს.

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან.
დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა – 1 წელი. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს ერთი წლით. ვადის გაგრძელების შემთხვევაში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია საბაზრო პირობების გათვალისწინებით განსაზღვროს საიჯარო ქირის სხვა ოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო თანხაზე ნაკლები. 

აუქციონში გამარჯვებულს უნდა გააჩნდეს სუვენირების რეალიზების საქმიანობის გამოცდილება, აეროპორტთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე არანაკლებ ბოლო სამი წლის (2019, 2020, 2021) განმავლობაში და ანალოგიური ობიექტი უნდა გააჩნდეს საქართველოს ან/და მის ფარგლებს გარეთ, მასშტაბით მინიმუმ 4 ლოკაციაზე ან/და მინიმუმ 1 ლოკაციაზე საერთაშორისო აეროპორტში.

იმ შემთხვევაში, თუკი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში იგეგმება 39 ან ნაკლები საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისის განხორციელება, საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრება 85 ლარის ოდენობით,  საიჯარო ფართით სარგებლობის ყოველი დღისთვის. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ერთი რეისი გადავა 2 კალენდარულ დღეზე, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საიჯარო ქირის დაანგარიშების მიზნებისთვის, აღნიშნული ჩაითვლება საიჯარო ფართით სარგებლობის 1 დღედ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში 40  ან მეტი საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისის დაგეგმვის შემთხვევაში, შესაბამისი თვიდან იმოქმედებს სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური ღირებულებისა და მისი გადახდის სტანდარტული წესი.