ცოტა ხნის წინ, ნატახტარის აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა, A22 LS ტიპის ორადგილიანი საწვრთნელი საჰაერო ხომალდით, პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენა განახორციელეს. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის აეროპორტის ფრენების კოორდინაციისა და სახმელეთო მომსახურების სამსახურის მენეჯერი გიორგი გოდუაძე განმარტავს, მსგავსი ტიპის ფრენები საშუალებას მისცემს სტუდენტებს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენის გამოცდილება მიიღონ და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ.

“დღეს, პირველად მოვემსახურეთ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებულ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას. ქუთაისის აეროპორტი მუდმივად მზად არის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოემსახუროს მსგავს ფრენებს. საერთაშორისო დონეზე, საწვრთნელი ფრენა ჩვენს აეროპორტში პერმანენტულად ხორციელდება. მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის აეროპორტის პრაქტიკაში დღეს პირველი შემთხვევა იყო,  როდესაც ადგილობრივ დონეზე, საქართველოს საავიაციო სტუდენტების მიერ შესრულებული მსგავსი სახის საწვრთნელი-საცდელი ფრენა მივიღეთ,-‘’განაცხადა ქუთაისის აეროპორტის ფრენების კოორდინაციისა და სახმელეთო მომსახურების სამსახურის მენეჯერმა გიორგი გოდუაძემ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა მანამდე საცდელი-საწვრთნელი ფრენა ამბროლაურის აეროპორტში განახორციელეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში.