ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ვენაა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” AviaNews-ს განუცხადეს, 2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი ვენა იყო. 6 თვის მაჩვენებლებით, ვენის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი კი ვარშავას მიმართულებაა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი TOP-5 მიმართულება ასე გამოიყურება:

  1. ვენა;
  2. ვარშავა;
  3. ვილნიუსი;
  4. კატოვიცე;
  5. პრაღა;

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მიმართულებაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს.

2019 წლის იანვარ-ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 366 ათას 62 მგზავრი გაატარა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 234 ათას 743 მგზავრი. შესაბამისად, 2019 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 56%-იანი მატება დაფიქსირდა.