ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან 7 წლის თავზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air  2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ანა ჰეინცი ის იღბლიანი მე-2 მემილიონე მგზავრი გახდა, რომელმაც დორტმუნდიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმგზავრა. მე-2 მემილიონე მგზავრს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Wizz Air-ის ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი  გარტ ლუნდი დახვდნენ.

მე-2 მილიონე მგზავრს 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა, რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა ექნება ევროპის 44 ქვეყნის 146 აეროპორტის 600-ზე მეტი შემოთავაზებული მიმართულებიდან ნებისმიერით ისარგებლოს. ანა ჰეინცსა და იღბლიანი რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საჩუქრად სიმბოლური საჩუქრები ქართული ღვინო და ,,ჩიკორის“ ჩირი დაურიგა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 7-წლიანი წარმატებული ოპერირების შემდეგ Wizz Air ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა – 2018 წელს კი ევროპის ყველაზდე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა.

,,ჩემთვის დიდი პატივია, პირადად დავხვდე Wiz Air-ის მე-2 მილიონე მგზავრს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში ავიაკომკომპანიების ზრდა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის სტიმულირების ერთგვარი გარანტიაა. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში კომპანია Wizz Air-ის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვაქციოთ რეგიონულ ჰაბად კავკასიასა და ევროპას შორის. 2018 წელს Wizz Air გახდა ნომერ პირველი გადამყვანი საქართველოში, 7 წლის ჭრილში კი მოემსახურა ორ მილიონზე მეტ მგზავრს. დღევანდელი დღე ჩვენი ერთობლივი მუშაობის წარმატებული შეჯამებაა. წლიდან წლამდე Wizz Air-თან დაკავშირებით ჩვენი გეგმები მეტად ამბიციური ხდება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გასულ კვირას ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობის ხუთამდე გაზრდა და 12 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენების დამატება დაანონსა. საერთო ჯამში, 2020 წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 40 მიმართულებით განხორციელდება.