ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ხარკოვიდან და ოდესიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით უკვე შესრულდა. რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ბოინგ 737-800 ხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა. 4 ივნისიდან უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ხარკოვისა და ოდესის მიმართულებით დაიწყო ავიარეისების შესრულება, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ ქუთაისი ვაქციოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შეთავაზების ცენტრად, არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის და უცხოელებისათვის, არამედ რეგიონის პოტენციალისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში ოპერირების დაწყებით”, აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.