საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty free) მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში, 97 ბიჯით შპს “ეი თი იუ ჯორჯიამ” (ATU) გაიმარჯვა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათაო ოფისში კომპანიის დირექტორმა თამარ არჩუაძემ და ეი თი იუ ჯორჯიას სტრატეგიული მიმართულებების დირექტორმა აჰმეთ ქოთეჰნემ მოაწერეს. ხელშეკრულების ვადა 7 წლით განისაზღვრა.
წლის ბოლომდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ორი განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის (Duty free) სივრცე მოეწყობა, სადაც მგზავრებს სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის ყიდვა შეეძლებათ.
“შპს “ეი თი იუ ჯორჯიამ” საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გაიმარჯვა. კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობის მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოეწყობა თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, რომელიც დაყოფილი იქნება ორ ნაწილად: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას დაეთმობა, რაც ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ შემდეგი 7 წლის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110 ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში.
“გვქონდა შესაძლებლობა, რომ კვლავ მიგვეღო აუქციონში მონაწილეობა და გაგვიმართლა, რომ გავიმარჯვეთ. მოუთმენლად ველოდებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მუშაობას. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მათთან. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან ლამაზი და თანამედროვე კონცეპტ-დიზაინის მაღაზია გვექნება, რომელიც UN STUDIO-სა და აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით შეიქმნა. ჩვენ ვმუშაობთ 40 ზე მეტ ადგილობრივ კომპანიასთან, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაცნობთ ადგილობრივ პროდუქციას სხვა ქვეყნებს”,- განაცხადა აჰმეთ ქოთეჰნემ.
ATU Duty Free დაფუძნებულია TAV Airports ისა და Gebr. Heinemann-ის მიერ და არის თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free ოპერატორი კომპანია და მგზავრებს 50, 000 ზე მეტ პროდუქტს, მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს.